ინდოეთმა ბრინჯის ექსპორტი შეზღუდა - მსოფლიოში პროდუქტის გაძვირებაა მოსალოდნელი

ინდოეთმა, მარცვლეულის უმსხვილესმა ექსპორტიორმა მსოფლიოში, თეთრი და ყავისფერი ბრინჯის ექსპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა, დამტვრეული ბრინჯის ექსპორტი კი სრულად აკრძალა. მიზანი საშუალოზე დაბალი ნალექიანობის გამო შემცირებული მოსავლიანობისა და მარაგების გაზრდა და ადგილობრივ ბაზარზე ფასების კორექტირებაა.

მოსალოდნელია, რომ მიწოდების შემცირებას აღმავალი ეფექტი ექნება სურსათის ფასებზე, რომელიც რუსეთის მიერ წამოწყებული ომისა და გვალვის გამო ისედაც მაღალ ნიშნულზეა.

დიდი მარაგების გამო, ბრინჯის ფასი ხორბლისა და სიმინდის მსგავსად არ გაზრდილა და შედარებით იაფიან შემცვლელად გამოიყენებოდა, თუმცა პროტექციონიზმის კიდევ ერთმა ტალღამ, შესაძლოა, ეს შეცვალოს.

ახალი გადაწყვეტილება შეეხება იმ სახეობებს, რომლებიც ინდური ბრინჯის ექსპორტის 60%-ზე მეტს შეადგენს.

ქვეყანა ბრინჯს 150-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის და მასზე მსოფლიო მიწოდების 40% მოდის, თუმცა შეზღუდვა აიძულებს მყიდველებს შეამცირონ ინდოეთიდან შესყიდვები და გადაინაცვლონ ალტერნატიულ ვიეტნამისა და ტაილანდის ბაზრებზე, რომლებსაც ასევე უჭირთ მიწოდების გაზრდა და ფასები მათ პროდუქციაზეც იმატებს.

ექსპორტის შეზღუდვამ საგრძნობი გავლენა უნდა იქონიოს ჩინეთის მომარაგებაზე, რადგან ინდური ბრინჯის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სწორედ შუა-აზიური ქვეყანაა.

2021 წელს ინდოეთიდან ბრინჯის ექსპორტმა რეკორდული 21.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც აღემატებოდა მსოფლიოს დანარჩენი 4 უმსხვილესი ექსპორტიორის, ტაილანდის, ვიეტნამის, პაკისტანისა და აშშ-ს ერთად აღებულ მაჩვენებელს.

ინდოეთმა წელს უკვე შეზღუდა ხორბლისა და შაქრის ექსპორტი. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ქვეყნის ექსპორტის მაჩვენებელი, სულ მცირე, 25%-ით დაიკლებს.

კახი ჩაკვეტაძე