სანქცირებული ფრიდმანის ბიზნესპარტნიორი მოსკოვში 10 წლის შემდეგ დაბრუნდა

რუსული „ალფა ჯგუფის“ აქციონერი და საინვესტიციო კომპანია LetterOne-ის თანადამფუძნებელი, გერმან ხანი ბრიტანეთში ათწლიანი ცხოვრების შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა. ინფორმაციას Bloomberg მისი ადგილსამყოფელის შესახებ ნაცნობ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხანი სუბსანქცირებული რუსი ოლიგარქია და ის, ასევე, უკრაინული „ალფა ბანკის“ თანამფლობელია. მოსკოვში გერმან ხანი მას შემდეგ დაბრუნდა, რაც საინვესტიციო კომპანია LetterOne-ში თავისი წილი არასანქცირებულ აქციონერს გადასცა. სააგენტოს შეფასებით, ამ გზით მან თავი დაიზღვია, რომ 2 მლრდ დოლარის ქონება, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ აქვს, არ გაეყინება. გერმან ხანის ბიზნესპარტნიორები, მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი საზღვარგარეთ რჩებიან.

კიეველმა გერმან ხანმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი ნავთობკომპანია TNK-BP-ის წილის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტისთვის“ მიყიდვით იშოვა, ხოლო მიღებული თანხა LetterOne-ის შესაქმნელად გამოიყენა.

ხანმა ბიზნესის კეთება საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში დაიწყო. ის პარტნიორებთან ერთად ელექტრონიკას, ხალიჩებსა და საყოფაცხოვრებო საქონელს ყიდდა. ამ საქმიანობიდან „ალფა ჯგუფი“ წარმოიქმნა, რომელიც ამჟამად ჰოლდინგია და მათ უმეტეს აქტივს აკონტროლებს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ხანის ქონება 7,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ