ლევან ჟორჟოლიანი - საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჯამში 350-მდე დაზარალებული ოჯახი, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კიდევ 350-მდე ოჯახი, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალდნენ, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.

როგორც დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, თბილისის საკრებულომ ამ მოქალაქეებს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა.

„საქმე ეხება დიდ დიღომში მდებარე ორ ობიექტს. ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი სამშენებლო განვითარების მიზნით გადაეცა შპს ,,ფენიქს კონსტრაქშენს“, რომლის დირექტორმა ფართების ნაწილი გაასხვისა სხვადასხვა პირზე, ნაწილი კი იპოთეკით დატვირთა. ყველა ზემოხსენებული პირი დღეის მდგომარეობით დაზარალებულია, ხოლო კომპანიის დირექტორი დაკავებულია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღნიშნული ობიექტისათვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების შედეგად შესაძლებელი გახდა მშენებლობის განხორციელებისათვის აუცილებელი კონკრეტული ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრა, მოიძებნა ახალი ინვესტორი შპს „ქოზი ჰოუმ თბილისი“. შედეგად, მშენებლობის დასრულდება და დაზარალებული 170-მდე ოჯახი, რომლებიც წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ კუთვნილ საცხოვრებელს ბინებს, დაკმაყოფილდებიან.

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, არის ასევე მეორე ობიექტიც, კომპანია „დიდგორი 2006“, რომელსაც ასევე ჰყავს 178 დაზარალებული. მშენებლობა დაწყებულია 2006 წელს და დაზარალებულები წლებია ბინებს ელოდებიან. როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, „დიდგორი 2006“ შემთხვევაში, ინვესტორი პასუხისგებაშია მიცემული.

„ჯამში 350-მდე ოჯახს ვეხმარებით და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს მხრიდან მხარდაჭერა აქვს. 350-მდე ოჯახს შეიძლება ითქვას, რომ ვაძლევთ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, რომ საცხოვრებელი ფართებით დავაკმაყოფილოთ“, - დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.