WSJ - მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში მილიარდი დოლარის ინვესტიციის სანაცვლოდ სანქციებისგან გათავისუფლებას ცდილობს

„ალფა ჯგუფისა“ და ჰოლდინგ LetterOne-ის თანადამფუძნებელმა, რუსმა ბიზნესმენმა, მიხაილ ფრიდმანმა სანქციების მოხსნის იმედით უკრაინულ „ალფა ბანკს“ მილიარდი დოლარის გადარიცხვა შესთავაზა. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მილიარდერი იმედოვნებს, რომ ამ გზით დიდი ბრიტანეთის მთავრობას მისთვის სანქციების მოხსნაში დაარწმუნებს. გაზეთი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ფრიდმანის წინადადება არის ერთ-ერთი იმ წინადადებებს შორის, რითიც სანქციების ქვეშ მოქცეული რუსი ბიზნესმენები, ბანკები და კომპანიები დასავლეთის მთავრობებს ფარულად მიმართავენ.

თავად ფრიდმანი უარყოფს უკრაინის მიმართ შეთავაზებას, რომელსაც, ზოგადად, უწოდებენ „მომსახურებას მომსახურების სანაცვლოდ.“

WSJ წერს, რომ „ალფა ბანკ უკრაინა“ კიევის ოფიციალური პირებისგან ითხოვდა, ფრიდმანისთვის მილიარდი დოლარის გადარიცხვის უფლება მიეცათ. ამის შესახებ გაზეთს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რომან შპეკმა განუცხადა. მისი თქმით, ეს თანხა უკრაინაში ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სურსათისა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროექტებს მოხმარდება. შპეკი ამბობს, რომ „ალფა-ბანკ უკრაინამ“ ამ წინადადებით უკრაინის ეროვნულ ბანკს ივნისში მიმართა. ეროვნული ბანკი WSJ-თან კომენტარს არ აკეთებს.

ამასთან, „ალფა ბანკ უკრაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აღნიშნული წინადადება სანქციების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

„ეს ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია და გვსურს, თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი სპეკულაცია იმაზე, თითქოს ფრიდმანს და მის პარტნიორებს უკრაინაში მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება სხვა ქვეყანაში რაიმე სარგებლის მისაღებად სურთ. არ მიმაჩნია, რომ ეს რაიმე სახის სპეკულაცია ან თამაში იყოს, რომელიც მომავალში სანქციების თავიდან აცილებას ან მოხსნას შეუწყობს ხელს,“ - აცხადებს რომან შპეკი.

მისი განმარტებით, ფრიდმანს ანგარიშებზე წვდომისა და ფულის უკრაინაში გადასარიცხად ევროკავშირის ნებართვა დასჭირდება, ამიტომ „ალფა-ბანკ უკრაინამ“ მისი სახელით ევროპულ საბჭოს გასულ კვირას მიმართა.

WSJ-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები დაწესებული არ აქვს, „ალფა ბანკი“ შეზღუდვების ქვეშ მაინც მოექცა. მასში ფრიდმანის ნებისმიერი აქტივის ან სანქციების ქვეშ მოქცეულ მის კომპანიებში ნებისმიერი სხვა წილის გადაცემა ხაზინის დეპარტამენტის თანხმობას მოითხოვს.

გაზაფხულზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ფრიდმანი, „ალფა ჯგუფის“ სხვა მსხვილ აქციონერებთან, პეტრ ავენთან, ალექსეი კუზმიჩოვთან და გერმან ხანთან ერთად ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს დაექვემდებარა. ამის შემდეგ მათ „ალფა ბანკისა“ და LetterOne-ის მმართველობაში თანამდებობები დატოვეს.

ომის დაწყებიდან სამ დღეში, 27 თებერვალს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ „ამჟამინდელი კონფლიქტი არის ტრაგედია ორივე ხალხისთვის,“ თუმცა მას შეზღუდვები მაინც დაუწესდა. ამჟამად ბიზნესმენი ლონდონში იმყოფება. მაისის ბოლოს ფრიდმანმა ევროკავშირის სანქციები გაასაჩივრა. ზაფხულში „ალფა ჯგუფმა“ უარყო, რომ ბიზნესმენი უკრაინის მოქალაქეობის მიღებასა და იქ აქტივების გადატანას ცდილობდა. თავის მხრივ, უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში ფრიდმანის 420 მლნ დოლარის ღირებულების ქონება გაყინა.

Forbes-ის რუს მილიარდერთა რეიტინგში მიხაილ ფრიდმანი 11,8 მლრდ დოლარის ქონებით მე-6 ადგილზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ