პუტინი ცრუობს - ევროკავშირმა მარცვლეულის ექსპორტი 33%-ით გაზარდა

წელს ევროკავშირმა, 2021 წელთან შედარებით, მესამე ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, წელს ბლოკმა, შარშანდელთან შედარებით, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი შეამცირა, ხოლო ექსპორტზე 2021 წელზე მეტი მოცულობა გაიტანა.

„მარცვლეულის ყველა მოცულობა, რომელიც ევროკავშირში პირდაპირ ან ირიბად უკრაინიდან შედის, მესამე ქვეყნებში მიწოდების ზრდას უზრუნველყოფს,“ - აცხადებს პიტერ სტანო.

ევროკომისიამ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ევროკავშირიდან მარცვლეულის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა. ამასთან, ევროპის აგროსამრეწველო პროდუქციის მთლიანი ექსპორტი იანვარ-მაისში, გასულ წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა. მიწოდების ძირითადი მიმართულებები დიდი ბრიტანეთი, აშშ, ჩინეთი, შვეიცარია და იაპონია იყო.

რაც შეეხება აგროსამრეწველო პროდუქციის იმპორტს, ევროკომისიის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ის 32%-ით გაიზარდა. პროცენტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზრდა მარცვლეულის იმპორტმა განიცადა, რამაც 76%-ით მოიმატა. ძირითადად, სიმინდის იმპორტი გაიზარდა, ხოლო მცენარეულ ზეთების იმპორტმა 61%-ით მოიმატა.

პიტერ სტანომ ამით პუტინს უპასუხა, რომელმაც მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ „უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის, თითქმის, მთლიანი მოცულობა განვითარებად, უღარიბეს ქვეყნებში კი არა, ევროკავშირში იგზავნება.“ პუტინის თქმით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში, „87-დან მხოლოდ ორი ხომალდი დაიტვირთა, რომლითაც 2 მილიონი ტონიდან მხოლოდ 60 ათასი ტონა სურსათი გავიდა.“ ამ განცხადებით პუტინი უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვით დაიმუქრა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ