„11 ევროდ ვიყიდე იახტების ფესტივალის ბილეთი“ – როგორ დაიწყო „აზიმუტ ბენეტს გრუპის“ ქართული ისტორია

„ამ მომენტში ჩვენ ვიმყოფებით „მეგა იახტის“ სტატუსის მქონე იახტაზე, რომელიც პირველად არის ჩვენს წყლებში შემოსული და რომელიც ბინას ქართული დროშის ქვეშ დაიდებს“ - ასე დაიწყო „ბიზნეს პორტრეტის“ გადაცემა, რომლის სტუმარიც ბიზნესმენი, მსოფლიოში ლიდერი იახტების მწარმოებელი კომპანია “აზიმუტ ბენეტი გრუპის” ქართული წარმომადგენლობის “აზიმუტ იახტ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე იყო.

როგორ მოხვდით “აზიმუტ იახტ ჯორჯიას” აკადემიაში და საიდან გაჩნდა იდეა, რომ ეს მიმართულება საქართველოშიც დანერგილიყო და ისეთი პოპულარული ყოფილიყო, როგორიც დღეს არის?

“აზიმუტ იახტ ჯორჯია” არის კომპანია “აზიმუტ ბენეტი გრუპის” ოფიციალური ბრენდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაც. წარმოიდგინეთ, საქართველოში შემოგვყავს კომპანია, რომელიც მსოფლიოს საიახტო ბიზნესში არის ამინდის განმსაზღვრელი. ამიტომ ბევრი ამ იდეას სკეპტიკურად უყურებდა.

თუმცა, ისტორია გაცილებით ადრე იწყება: ჩემი პროფესია რადიკალურად განსხვავდება საიახტო მიმართულებისგან. პროფესიით ვეტერინარი ვარ, ასევე ვიყავი სურსათის უვნებლობის ექსპერტი და მოხდა ისე, რომ სრულიად დაუგეგმავად წავედი სამხრეთ საფრანგეთში, ტურისტული დანიშნულებით. ჩავედი კანში, სადაც ზუსტად იმ მომენტში იმართებოდა იახტების ფესტივალი, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი მქონდა გაგებული. იქ ჩემი ცხოვრება სრულიად დაპაუზდა. იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ყველაფერმა, რაც იახტებთან იყო დაკავშირებული, რომ მივხვდი, სწორედ ის იყო, რისი კეთებაც მინდოდა. მაგრამ იყო დიდი დილემა - როგორ მოვხვედრილიყავი ამ სფეროში. მახსოვს, 11 ევროდ ვიყიდე იახტების ფესტივალის ბილეთი, რათა ეს ყველაფერი უფრო ახლოს დამეთვალიერებინა.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ერთ-ერთმა ბრენდმა მიიპყრო, რომელსაც შინდისფერ ფონზე თეთრი ასოებით ეწერა - „აზიმუტ იახტს გრუპი“. მივედი სტენდთან და პირველივე შემხვედრ ადამიანს ვკითხე, როგორ შეიძლებოდა მათთან დავსაქმებულიყავი. რა თქმა უნდა, მას ჩემი ეს ნათქვამი სერიოზულად არ მიუღია, თუმცა გამომკითხა ვინ ვიყავი, საიდან და ა.შ. შემდეგ მირჩია, რომ იმისათვის, რომ ამ ბიზნესში მოვხვედრილიყავი, უნდა მქონოდა გარკვეული განათლება მიღებული შესაბამის აკადემიაში, კერძოდ საუბარი იყო „აზიმუტ ბენეტის“ აკადემიაზე, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში, როდესაც ბიზნესს საკუთარი აკადემია გააჩნია. სწავლის დამთავრების შემდეგ კი საქმდები იქ ან სხვა იახტ კომპანიაში.

იმ პერიოდში ძალიან დიდი წონა მქონდა და ამ ადამიანის ერთ-ერთი რჩევა ასევე იყო, რომ თუ მე ჩემს თავზე ვიმუშავებდი, ეს ძალიან დამეხმარებოდა ამ სფეროში ინტეგრირებისთვის. მაშინ ჩვენ შევთანხმდით ასეთ რამეზე: თუ მე ერთ წელიწადში შეცვლილი ვიზუალით დავბრუნდებოდი იმავე ადგილას, კომპანია დამიფინანსებდა პირველი ორი წლის საფასურს, რაც ნამდვილად არ იყო ცოტა.

მოკლედ, ერთ წელიწადში ჩავედი კანის იახტების ფესტივალზე 68 კილოგრამით ნაკლები, ვიყიდე ისევ ბილეთი და დაახლოებით 2 დღე დამჭირდა იმ ადამიანის მოსაძებნად. იმდენად დიდი იყო მისი გაოცება და აღფრთოვანება, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ყველა პროცედურა მოგვარებული გვქონდა. ასე მოვხვდი აკადემიაში. თავიდან ვმუშაობდი კანის იახტების ფესტივალზე ველქამინგის ნაწილში, შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ვმუშაობდი სტაჟიორად, მერე გავხდი გაყიდვების აგენტი და უკვე 8 წელი გადის, რაც რეგიონში ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და ევროპაში ვიპ-გაყიდვების მენეჯერი ვარ.

ანუ საწყისი კაპიტალი ის 11 ევროიანი ბილეთია...

დიახ, იმ პერიოდში მე არ მქონდა საშუალება, რომ ის სტანდარტები დამეცვა, რასაც ამ ბიზნესში მყოფი ადამიანები იცავენ, მაგრამ ეს არ გამხდარა ხელის შემშლელი ფაქტორი. ანუ აქედან მივხვდი, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისტორიული კომპანიები ადამიანის მისწრაფებასა და მიზნებს.

შემდეგი ეტაპი იყო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, რომელიც ალბათ, გამოწვევებით იყო სავსე, რადგან კრიტერიუმები, რომელსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, ჩვენს შემთხვევაში ალბათ ნულის ტოლი იყო...

10 ძირითადი პუნქტიდან ჩვენ გარღვევა გვქონდა უმეტესში, თუმცა კომპანიის მფლობელმა, ჯოვანა ვიტელიმ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მოგვცა წარმომადგენლობა საქართველოში.

საქმე იყო პიროვნულ ნდობაში. ეს არის ოჯახური ბიზნესი, ამიტომ ადამიანური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ეს შესაძლოა, ბიუჯეტურ მხარესაც აღემატებოდეს. მახსოვს, როდესაც მან მოაწერა ხელი განკარგულებას ჩვენს ქვეყანაში წარმომადგენლობის შესახებ, მისი ერთი ფრაზა, რომ კომპანიის არსებობის 70 წლის განმავლობაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ „აზიმუტ ბენეტი“ სადმე შესულიყოს და იქიდან წარუმატებელი გამოსულიყოს. ამისი იმედი ჰქონდა მას ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. ეს სიტყვები ჩემთვის ჩვენი საქმიანობის ბიბლიაა.

2018 წელს, გრანდიოზული პრეზენტაცია მოვაწყეთ თბილისში, საკმაოდ სოლიდური, რომელსაც უამრავი ბიზნესმენი და ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. ისინი კითხულობდნენ, ღირდა თუ არა ამ მასშტაბის ბიზნესის საქართველოში წამოწყება, როდესაც ამდენი რამ ხელს არ გიწყობს, თუმცა ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ეს საქმე გაამართლებდა.

დღეს, საქართველოში გაყიდულია 17 მცურავი ობიექტი, კატერიც და გემიც იგულისხმება ამ რაოდენობაში. დაგეგმილია ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა საიახტო წამყვანმა ქვეყანამ უკვე იცის საქართველოს შესახებ, როგორც საიახტო ბიზნესის ახალი ლოკაციის შესახებ.

რამდენი იყო თქვენი საწყისი კაპიტალი?

ჩვენი საწყისი კაპიტალი იყო ნოლი. პრეზენტაცია გავაკეთე უშუალოდ მე და მეხმარებოდა ჩემი ორი ძმა. ხალიჩების საყიდლადაც კი ჩვენ დავდიოდით, ძალიან დაგვეხმარნენ პარტნიორებიც და სპონსორებიც, მაგრამ მთლიანად პრეზენტაცია ჩვენი დამსახურებაა, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა.

იახტების გაყიდვებიდან გენერირებული თანხის დაახლოებითი მოცულობა რომ გვითხრათ...

საქართველოში იახტების და კატერების გაყიდვების თითქმის მთელი ნაწილი 0%-იანი მოგებით არის გაყიდული. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. პირდაპირი და ძალიან აგრესიული მიზანი გვაქვს - ამ ბიზნესის განვითარება. შესაბამისად, არათუ მოგება არ გვქონია, არამედ იმ თანხებს, რომლებსაც აკუმულირებას ვუკეთებთ ევროპაში, ფაქტობრივად, ვხარჯავთ საქართველოში. ამას თავისი გამართლება აქვს. გავა კიდევ 5-6 წელი, ჩვენ კიდევ შევხვდებით და მერე ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომელიც ამ „მსხვერპლმა“ შეიძლება მოიტანოს.

ვინ ყიდულობს საქართველოში იახტებს?

ყველა მათგანი არის საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის ბიზნესმენი, რომლებმაც იციან ზღვაზე ხარისხიანი დასვენების ფასი.

იახტის შეძენა მხოლოდ სიამოვნების მიღებაა თუ ერთგვარი ინვესტიცია?

ჩვენს შემთხვევაში იახტები და კატერები სარეკრეაციო დანიშნულებით იყიდება. მაგრამ ბოლო 2 წელია გამოიკვეთა მკაფიო ტრენდი იახტების გაქირავების. ანუ ადამიანის იახტა შეიძლება გახდეს ძალიან დიდი შემოსავლის წყარო და ჩვენ ამ კულტურას ნელ-ნელა ვგეგმავთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა დიდი მოთხოვნაა ქირაზე საქართველოში.

ყიდვის მოთხოვნა ძირითადად ახალ იახტაზეა თუ მეორადზე?

პანდემიის პერიოდში შეიქმნა გარკვეული პრობლემები ახალი იახტის შეძენასთან დაკავშირებით, წარმოების შეძენასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, კონტრაქტები, რომლებიც 2020 წელს გვაქვს ხელმოწერილი და ჩაბარება 1 წელიწადში უნდა მომხდარიყო, 2024-2025 წლამდე გადაიწია ახალი იახტის შემთხვევაში.

მეორადი იახტები ბევრად აქტუალურია ამ ეტაპზე, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ფაქტობრივად, დედამიწაზე, მეორად იახტების დეფიციტია, არათუ იახტების.

საშუალო დონის იახტის მინიმალური ფასი რა არის?

რა კატერები და იახტებიც არის გაყიდული, მათი ფასი 80 ათასი დოლარიდან იწყება და მილიონზე მეტიც ღირს.

საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული იახტის ფასი რა არის?

ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მილიონ ევროს გავცდით.

After sale მიმართულება რას მოიცავს?

ეს ამ ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ეს არის დიდი ჯაჭვი, რომელიც ამ ბიზნესში გარდაუვალია. საქართველოში გაყიდვებმა ჩვენ დამატებითი პრივილეგია მოგვიტანა და ეს არის - restalking, ანუ 2 წლის განმავლობაში იახტას, რომელიც მყიდველმა შეიძინა, იმავე ფასად ვიბრუნებთ უკან, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მფლობელს ვაძლევთ საშუალებას, ახალი იახტის შეძენის შემთხვევაში, ძველი გაყიდოს და ახალი შეიძინოს.

მოგების მარჟას რითი არეგულირებთ?

ჩვენ გვაქვს ანალიტიკის დიდი დეპარტამენტი მთავარ ოფისში, რომელიც ტენდენციებს განსაზღვრავს, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ფასები წავა მხოლოდ ზემოთ, ამიტომ ჩვენ მივდივართ რისკზე, რომ 2 წლის განმავლობაში გაყიდულ იახტას იგივე ფასად ვიბრუნებთ უკან.

2019 წელს გაყიდეთ პირველი იახტა, ამის მერე იყო პარადოქსული პანდემიის პერიოდი, როცა მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. რა იქნება შემდეგი?

ერთ ძალიან დიდ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, სხვა კომპანიის მხრიდან, რაც პირდაპირპროპორციულია ამ ბიზნესის განვითარების მხრივ, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კონკურენტებიც გამოგვიჩნდნენ, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ეს იქნება რევოლუციური პერიოდი საიახტო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით.

ამას გარდა, ჩვენ გეგმაში გვაქვს ასევე პატარა კერძო იახტ-კლუბის მართვით ნაწილში აღება, რომელიც მომავალი წლისთვის საპრეზენტაციოდ უკვე მზად იქნება. ეს ყველაფერი ბევრ პერსპექტივას მოგცემს.

რა ტიპის ეკონომიკურ სარგებელზეა საუბარი ჩვენი ქვეყნისთვის?

ეს არის დაუსრულებელი ჯაჭვი, რადგან, საშუალოდ, ერთ 20-მეტრიან იახტას მოსდევს მინიმუმ 5-6 დასაქმებული ადამიანი, რომლის საშუალო ანაზღაურებაც იმდენია, რაც საშუალოდ მინისტრის მოადგილის ხელფასი, აქედან გამომდინარე, რაც მეტი იახტა გამოჩნდება, მით მეტი დასაქმებული ადგილობრივი ადამიანი იქნება. მათი გადამზადებისთვის ჩვენ არაფერს ვიშურებთ, პირიქით.

ფართომასშტაბიანი რაკურსით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი ზომის ქვეყანაში მინიმალურ ეტაპამდე თუ განვითარდა ინფრასტრუქტურა და საჭირო ოდენობის იახტა რომ შემოვიდეს, ერთ წელიწადში ჩვენ რევოლუციური ეკონომიკური სასწაულის მომსწრე გავხდებით.

კადრების პრობლემა თქვენთანაც აქტუალურია და რას აკეთებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

ჩვენს შემთხვევაში, საკადრო პოლიტიკა ნამდვილად ძალიან პრობლემატურია. ეს სპეციფიური ბიზნესია, ამიტომ პრობლემა ორმაგად და ათმაგად მწვავედ დგას. ადამიანებს ამ დანადგარებთან და აპარატურასთან შეხება არ ჰქონიათ, ანუ გვიწევს თავიდან ბოლომდე გადამზადება. ამასთან არსებობს საიახტო ეთიკა, რასაც ასევე თავიდან ვასწავლით. მთელი „აზიმუტ ბენეტის“ აკადემიის მასალა გვაქვს წამოღებული, რაც შეიძლება იოლ ფორმამადე გვაქვს დაყვანილი და ასე ვაწვდით ამ ადამიანებს.

დაინტერესება თუ არის?

დაინტერესება დიდია, თუმცა მეტს ველოდი. მაგრამ რაც მეტი იახტა იყიდება და მეტ აფიშირებას ვახდენთ, დაინტერესებაც ამის მიხედვით მატულობს.

თქვენი სექტორი, პრივილეგიების მხრივ, არის სასათბურე პირობებში, რადგან 18%-იანი საშემოსალო გადასახადისგან არის თავისუფალი. არის თუ არა ეს ერთ-ერთი წინაპირობა, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას გვითხრათ, რომ რამდენიმე წელიწადში ეს ბიზნესი საქართველოში იქნება კოლოსალურად გაზრდილი და წარმატებული?

ზუსტად ის, რომ დღეს საქართველოში ეს სფერო გათავისუფლებულია განბაჟებისგან, რაც არის უდიდესი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და ის, რომ ქართული დროშა არის მოქნილი და საერთაშორისო, ეს ორი ფაქტორი გახდა ხელჩასაჭიდი იმისთვის, რომ კომპანია შემოგვეყვანა საქართველოში. ამ პირობების გამო, მსოფლიოს მეგა იახტების მფლობელები დასდევენ ოფშორების დროშებს. წარმოიდგინეთ, ოფშორის პირობებით ლეგალური სახელმწიფო - ეს რამხელა პრივილეგია და სოლიდური ფორმაა.

გამოწვევა რაში რჩება?

გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, სერვისის ნაწილში ვიხმარიებთ მეზობელი ქვეყნების სერვის ცენტრებს. როგორც კი ეს პრობლემები მოგვარდება, ეს ტემპი ათჯერ გაიზრდება.

ახალ პროექტზე გვესაუბრეთ, ინვესტიცია რამდენია?

ჩვენი მხრიდან ინვესტიცია 4 მლნ. ევროს წარმოადგენს და პროექტი საშუალოდ, 15-18 მეტრამდე მოცულობის 50 იახტას დაიტევს. ეს იქნება ბათუმის ექსპრეს-მარინას სტატუსი, რაც ნიშნავს მოქნილ მარინას, რომ ადამიანები შემოვიდნენ გარკვეული პერიოდით ან ხანგრძლივი პერიოდით და იქ ყველაფერი ძალიან უნდა იყოს გაადვილებული. აქვე იქნება გასართობი ინფრასტრუქტურა, თევზის რესტორანი, კაფე და ოფისები, რომლებიც ამ იახტების ტექნიკურ ნაწილს მოემსახურება.

როდის გვექნება მონაკოს ტიპის იახტ კლუბი?

როგორც მე მჯეროდა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ აქამდე მოვიდოდით, ასევე მჯერა, რომ ყველაზე მეტი 10 წელიწადში ვიქნებით ჩვენს ზღვისპირეთში ძალიან განვითარებული ინფრასტრუქტურით და ძალიან ბევრი იახტით.

იახტების ბიზნესიდან შემოსული ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისთვის შესაძლებელია, რომ 10 წელიწადში დავითვალოთ?

არათუ დავითვალოთ, არამედ ის დაიჭერს ერთ-ერთ სოლიდურ ადგილს.

რეგიონის კონფლიქტის ნაწილში რა ხდება?

ძალიან პატარა ნეგატიური ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს - სეზონი დაიწყო ერთი თვით გვიან. ფაქტი სახეზეა - წელს საქართველოში გაიყიდა ორი მეგა იახტა.

რამდენად ამბიციური გეგმები გაქვთ 2023-ში?

ვვარაუდობთ, რომ თუ 2021 და 2022 იყო ასეთი მაგარი, 2023 იქნება ათჯერ უფრო მაგარი. ამაში ეჭვი არ მეპარება. საფუძველი, რომ ასე ვფიქრობდე, ხელჩასაჭიდი, უკვე გვაქვს.

რა არის თქვენი კომპანიის მიზანი და კრედო?

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი - საქართველო უნდა გახდეს დიდი საიახტო ინდუსტრიის პატარა წევრი, უნიკალური ლოკაციით და ამას ხელს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის.

პერსონალურად რამდენად მნიშვნელოვანია განცდა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სასარგებლო საქმეს აკეთებთ?

ძალიან. ყველამ მინდა დაინახოს, რამხელა პოტენციალი აქვს ამ საქმეს. ამ საქმეში ომი მოგებულია, მთავარია შეფუთვა.

წარმოგედგინათ ეს ყველაფერი, რაც დღეს გაქვთ მაშინ, როდესაც პირველად მოხვდით იახტების ფესტივალზე?

ადამიანი თუ სწორედ ოცნებობ, მისი ქვეცნობიერი ისე მოქმედებს, რომ შესაძლოა, ვერც გააცნობიეროთ, როგორ მიდიხართ იმ ამორჩეულ წერტილამდე.

ფული ცვლის ადამიანს?

„თუ ცხოვრება გაძლევს ლიმონს, გააკეთე ლიმონათი“ - ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ. თუ გარკვეულ სარგებელს გასაქანს არ მივცემ, გაჩერდება ერთ ადგილზე, ამიტომ ვცდილობ, გასაქანი სულ მივცე.

კარგი მენეჯერის წარმატების ფორმულა თუ გაქვთ?

ყველაზე დიდი წარმატების ფორმულა ბიზნესში ეს არის თავისუფლება, რომელიც უნდა საზღვრავდეს, სად არ უნდა ავცდეთ კანონს. ეს თავისუფლება გვაძლევს ძალიან დიდი ლავირების საშუალებას.

რეგალიები ზღუდავს თავისუფლებას?

გარკვეულწილად კი. როცა მეტია პასუხისმგებლობა, რაღაცეებში იზღუდები.

მთავარი დავალება, რასაც ცხოვრებისეულად საკუთარ თავს აძლევთ, რა არის?

მე გეტყვით, რას ვხედავ ამ დავალების ბოლოს და ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება. მინდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიჯდე კომფორტულ სავარძელში და ვტკბებოდე, ბათუმში მოცურავე იახტებსა და მარინებზე მდგომ მცურავ ობიექტებს ვუყურებდე.

ეკა დარჩიაშვილი