ირაკლი კობახიძე - არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე

როდესაც საუბარია რაღაც ბრალდებებზე, მინიმალური მტკიცებულება ან რაღაც ფაქტი მაინც უნდა წარმოადგინოს ვინმემ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე არის საუბარი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს შორის კავშირის დასადასტურებლად არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება.

„ძალიან კარგად იცით, რომ არსებობს 0 ფაქტი, 0 ფაქტი ივანიშვილის კავშირებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან ან ცალკეულ რუსთან. ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი და ბაიდენის შვილის ბიზნეს პარტნიორი და სწორედ ამიტომ არ არის სანქცირებულთა სიაში. ის აშშ-ს არ დაუსანქცირებია. განსაკუთრებულ ეჭვებს ბადებს, თუ რატომ განახორციელა მან ეს ზარი და რატომ გაუმჟღავნა ეს საუბარი იმ ტელევიზიებს, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ევტუშენკოვი როდესაც არ არის სანქცირებული აშშ-ის მიერ და არის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი, ეს ზარი გახდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მიზეზი, ეს ელემენტარულად სასაცილოა.

ავსტრალიას და ბრიტანეთს აქვთ დაკისრებული სანქციები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით - მას (ევტუშენკოვს) აქვს პირდაპირი კავშირები ამერიკის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე, ის არის ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული პირი. ძველი ნაცნობობის გათვალისწინებით, არის რაღაც ზარი [ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის] განხორციელებული და პრაქტიკულად არაფერზე არის საუბარი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლასთან და ა.შ. არავითარი ფაქტი ან მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი განცხადება გინდ „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდოს და გინდ ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებაში, არის ნულოვანი ფასის მატარებელი, თუ არ არის ფაქტებით გამყარებული“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტებით, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება.

„საზოგადოება აფასებს ყველაფერს, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და ფაქტები. ფაქტები კი არის ის, რომ 0 კავშირი აქვს რუსეთთან ბიძინა ივანიშვილს და ნებისმიერ პირს, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ხელისუფლებასთან. საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და რა დონეზე იქნება ეს გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს „ვაშინგტონ პოსტი“ თუ სხვა.

როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. მითუმეტეს, ამ კაცს ბევრი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე. ძალიან ბევრი შეიძლება ჰქონდეს დასაკარგი და შეიძლება გაჰყვეს მათ მოთხოვნას, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ჩართოს ქვეყანა ომში, მაგრამ მას აქვს დაფიქსირებული მკაფიო პოზიცია, რომ არავითარ შემთხვევაში, არავითარი შანტაჟით, მილიარდი კი არა, 10 მილიარდი რომ დადგეს პრობლემის ქვეშ, ის ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ ჩართავს ომში. მე საერთოდ არაფერი მაქვს დასაკარგი, არც ანგარიში მაქვს. ვინც აშანტაჟებს უკრაინის ხელისუფლებიდან კი ვნახეთ - პირდაპირ ითხოვენ ჩვენი ომში ჩართვას და იქვე აშანტაჟებენ, მარტივად არის საქმე. ეს კაცი [ივანიშვილი] ამბობს, რომ არ გადადგამს ნაბიჯს იმისკენ, რომ ქვეყანა ჩართოს ომში. მითუმეტეს, არც მე, არც პრემიერს, არც სხვას ასეთი არაფერი გვაქვს დასაკარგი - არც ანგარიში და არც ქონება მაქვს საზღვარგარეთ, რით უნდა დაგვაშანტაჟონ? არაფრის ფასად მე არ მიღირს ის, რომ ჩემს ქვეყანას შევუქმნა პრობლემები, საიდანაც შეიძლება საუკუნეები ვერ ამოვიდეს. არც არახამიას, არც პოდოლიაკის და გვარი რომ ითქვა ამერიკელი ვინც არის, მათი შანტაჟი ვერ გადაგვადგმევინებს ამ ნაბიჯს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ წავიდეთ. არავითარი სანქციის შიშით ჩვენ ქვეყანას ომში არ ჩავითრევთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.