"მე, პირადად კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები, არის ამაში გარკვეული უხერხულობა, თუმცა არის უამრავი დეპუტატი, რომელსაც საჯარო სკოლაში დაჰყავს"

მე, პირადად კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები. არის ამაში გარკვეული უხერხულობა, ასეთია რეალობა და მოცემულობა, თუმცა არის უამრავი დეპუტატი, რომელსაც საჯარო სკოლაში დაჰყავს - უნდა მოვახერხოთ მეტი საბიუჯეტო რესურსის ჩადება განათლებაში, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, რატომ ირჩევენ თანამდებობის პირები ძირითადად კერძო სკოლებს საკუთარი შვილებისთვის და რა კეთდება ქვეყანაში განათლების სისტემაში, რომ ზოგადი განათლება საჯარო სკოლებში გაუმჯობესდეს.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებს, რადგან ეს დამოკიდებულია ეკონომიკაზე.

„მე, პირადად კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები. კონკრეტული კერძო სკოლა იყო, სადაც მომეწონა სწავლის ხარისხი და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ უმრავლესობაში უამრავი დეპუტატია, რომელსაც საჯარო სკოლებში დაჰყავს ბავშვები, ეს ინდივიდუალურად არის გადასაწყვეტი. ზოგადად, ეს არის სერიოზული გამოწვევა - კერძო სკოლას აქვს იმის ფუფუნება, რომ მეტი ინვესტიცია ჩადოს ხარისხის უზრუნველყოფისთვის, რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი რესურსი არის შეზღუდული და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეკონომიკაზე. ჩვენი ეკონომიკა არის ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 5000 დოლარი და გერმანიის ეკონომიკა არის 10-ჯერ მეტი, აქედან გამომდინარე, გერმანიას შეუძლია 10- ჯერ მეტი ინვესტიცია ჩადოს სკოლის ხარისხში, ვიდრე საქართველოს. ეს განაპირობებს საჯარო სკოლებში იმაზე დაბალ ხარისხს, ვიდრე არის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და თანდათანობით ეს უნდა განვითარდეს. ამას სჭირდება კონცეპტუალური მიდგომა, რაზეც მუშაობს განათლების კომიტეტიც. მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ უნდა მოვახერხოთ მეტი საბიუჯეტო რესურსის ჩადება განათლებაში. თავის დროზე გეგმა იყო, რომ მშპ-ის 6 პროცენტი უნდა ჩადებულიყო განათლებაში, მათ შორის ზოგად განათლებაში, თუმცა კოვიდის გამო ეს შეიცვალა. იმედია, მოვახერხებთ და დავუბრუნდებით ამ ნიშნულს. არის რა თქმა უნდა, ამაში გარკვეული უხერხულობა. ასეთია რეალობა და მოცემულობა. არის უამრავი დეპუტატი, რომელსაც საჯარო სკოლაში დაჰყავს შვილი“, - აცხადებს კობახიძე.