სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან ერთად, სწავლის დაფინანსებას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებიც მიიღებენ

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან ერთად სწავლის საფასური მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებსაც დაუფინანსდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

საკრებულოს წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, დაფინანსებით ისარგებლებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება აკადემიურ მოსწრებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი სტუდენტი შეძლებს სწავლის დაფინანსების მიღებას. მინდა, თითოეულ ადამიანს, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, დედაქალაქის მერს, ყველას, ვისი ინიციატივითაც ეს ცვლილება წელს განხორციელდა მადლობა გადავუხადო.“-აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს სხდომაზე.

მისივე თქმით, დაფინანსების მიღებას პირველკურსელებიც შეძლებენ. განცხადებების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.