რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები უზბეკეთში მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები მომავალ კვირას უზბეკეთში შეხვდებიან ერთმანეთს და მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ. ინფორმაციას მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მარცვლეულის შეთანხმებაზე დისკუსია საკმაოდ მნიშვნელოვანია და პუტინსა და ერდოღანს შორის საუბარი უკვე მზადების პროცესშია. ჩვენ მის გამართვას სამარყანდში ვგეგმავთ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი ხედავს, რომ მარცვლეულის შესახებ სტამბულის შეთანხმებები ხორციელდება, თუმცა რუსული მხარე ასევე ხედავს, რომ ეს ხელსაყრელი არ არის ღარიბი ქვეყნებისთვის, რადგან „მხოლოდ ორმა სატვირთო გემმა მიაღწია გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით „ღარიბ ქვეყნებს“.

შეგახსენებთ, 15-16 სექტემბერს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდში “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ყოველწლიური სამიტი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარდა, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინსაც შეხვდება.