"ყველაზე ეფექტური იქნება, ყველამ ერთად ქსელი შევქმნათ და დავრწმუნდეთ, რომ ექსპორტის კონტროლი ხორციელდება და სანქციები დაცულია"

ირანულ თვითმფრინავზე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტის მიერ ირანულ თვითმფრინავზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ცხადია, ეს არის მაგალითი იმისა, თუ რატომაა ასე მნიშვნელოვანი, ჩვენ ვუზრუნველყოთ რომ არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ იყოს უკანა კარი სანქციების არიდებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი თავდასაძვრენი საშუალებები არ არსებობს. ყველაზე ეფექტური იქნება, ჩვენ ყველამ ერთად ქსელი შევქმნათ და დავრწმუნდეთ, რომ ექსპორტის კონტროლი ხორციელდება და სანქციები დაცულია. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ჩვენს პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად” - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, 4 სექტემბერს, ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში წავიდა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, "ირან ეარი“, რომელსაც ეს თვითმფრინავი ეკუთვნის, არის ამერიკის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია. აღნიშნულის საპასუხოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს გავლით ირანიდან სამხედრო ტექნიკა რუსეთში ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა გადაიტანა, რომელიც სანქციების ქვეშაა მოქცეული.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აღნიშნული კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე ყველა წესების დაცვით გამოიყენა.