თბილისი ეკონომიურ გარე განათებაზე გადადის

LED სანათები 2-3 წელიწადში დედაქალაქის მერიას დიდ ეკონომიას მოუტანსშპს ”სინათლის ქალაქი”, რომლის მთავარ ფუნქციას დედაქალაქისთვის გარე განათების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება წარმოადგენს, 2010 წელს თბილისის  მერიის მიერ იქნა დაფუძნებული. 2014 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, მისი ხელმძღვანელი ვასილ ხორავა გახდა.

ვასილ ხორავას თქმით, საწარმოში საკმაოდ რთული ვითარება დახვდა, თუმცა რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, სიტუაციის გამოსწორება შეძლეს. მისივე განცხადებით, 2014 წელს ”სინათლის ქალაქმა” 37 000 სანათი, ანუ დაახლოებით, 32% გამოცვალა.

რით განსხვავდება ახალი ტიპის სანათები არსებულისგან, რა გეგმები აქვს ”სინათლის ქალაქს” და შეხვდება თუ არა ახალი საახალწლო განათებით დედაქალაქი 2016 წელს - ამ და სხვა საკითხებზე bpn.ge ”სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელს ვასილ ხორავას ესაუბრა.

ვასილ ხორავა: ”შპს ”სინათლის ქალაქი”  2010 წელს დაარსდა. მანამდე არსებობდა ”თბილქალაქ განათება”, რომელიც მუნიციპალურ სამსახურში შემავალი ერთ-ერთი უწყება იყო. 2010 წლიდან ჩამოყალიბდა, როგორც შპს. 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი არის თბილისის მერია. ამ კომპანიაში  2014 წლის 21 აგვისტოს დავინიშნე და საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა.  ფაქტობრივად,  ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო - სამართლებრივი მხარე აბსოლუტურად გაუმართავი იყო. კომპანიას არ გააჩნდა დებულება და სხვადასხვა განყოფილების მიერ სამუშაოს შესრულება ზეპირსიტყვიერად ხდებოდა, ანუ განსაზღვრულიც კი არ იყო, თუ ვის რა უფლება-მოვალეობა ჰქონდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიის პერიმეტრი. კომპანიას გააჩნია საკმაოდ ძვირადღირებული ქონება - სანათები, ბოძები, მასალები და სხვა შემადგენელი ნაწილები და ა.შ. რომლებიც უნდა იყოს მკაცრად დაცული და შენახული. პერიმეტრი იყო აბსოლუტურად უკონტროლო, ანუ  იყო ბევრი გარღვევა და დანაკარგი, რაც შემდგომი ღონისძიებების საფუძველზე აღმოვფხვერით.

ასევე აბსოლუტურად გაუმართავი იყო შიდა ორგანიზატორული საკითხები. შემოდიოდა წერილი, რომელზეც რეაგირება დაახლოებით 20 დღის ან ერთი თვის შემდეგ ხდებოდა.  საუბარია ისეთ მტკივნეულ საკითხზე, როდესაც მოსახლე ჩვენგან გარკვეულ მომსახურებას ითხოვს, მიმართავს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და სთხოვს, რომ  მოხდეს ამა თუ იმ ტერიტორიის განათება, არის დაზიანება, ან ავარია და ა.შ. ეს წერილი კანცელარიიდან გადაეცემა კეთილმოწყობის სამსახურს, შემდეგ კი - ჩვენ. ამის შემდეგ ჩვენთან კიდევ 20 დღე მუშავდებოდა და რეალურად მოსახლეს ამ ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. დაახლოებით 800 საკითხი დამხვდა გადადებული, რომელიც უბრალოდ თაროზე იყო შემოდებული. ერთი თვის თავზე მოვახდინეთ მკაცრი რეაგირება ყველა ამ წერილზე. ამას ბევრი ადამიანი შეეწირა იმ გაგებით, რომ მათ დატოვეს სამუშაო ადგილები.

მომავალ კვირას მოხდება ელექტრონული ქსელის შექმნა, რომელიც საკითხს აბსოლუტურად გაამარტივებს, ანუ წერილი 10 წუთში ჩვენთან იქნება, ხოლო რეაგირებისთვის დაწესებული გვაქვს შემდეგი ორი დღე.

ასევე შევქმენით მონიტორინგის სამსახური, რათა რეალური შემოწმებები მოახდინოს და  ჩვენი ექვსივე რაიონული განყოფილება კონტროლზე იყვნენ.

- ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია დასაქმებული ”სინათლის ქალაქში”?

- ამ ეტაპზე ჩვენთან დაახლოებით 430 ადამიანი მუშაობს, შტატით განსაზღვრული და ხელშეკრულებით დამატებები არ გაქვს.  ასევე მინდა შევეხო პრემიების საკითხს, რომელიც ძალიან ხშირად ჟღერდა. ამონაწერებით შეიძლება დადასტურება, რომ ჩვენი მოსვლის დღიდან პრემიები გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ მუშებზე. იყო თბილისობის, ახალი წლის ღონისძიება, მათ თითქმის ორმაგი-სამმაგი ხელფასების მიიღეს იმიტომ, რომ ისინი გამუდმებით დაუზოგავად მუშაობდნენ. იყო ასეთი შემთხვევა, რომელსაც დედაქალაქი მერი შეესწრო, რომ 4 ღამე 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავეთ და ერთ-ერთ მუშას ამწეს კალათაში ჩაეძინა კიდეც. ყველნაირად ვცდილობთ, რომ საწარმო იყოს გამართული და პირველ რიგში, ხალხს იქ მუშაობა სიამოვნებდეთ.

- რა პროექტების განხორციელებას გეგმავს შპს ”სინათლი ქალაქი”. როგორც ცნობილია, იგეგმება რამდენიმე შენობის, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარე მინათების შეცვლა. ოპონენტები ამ მიზნით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობას აყენებდნენ ეჭვქვეშ. რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული შენობების განათების შეცვლა? რა თანხაა გამოყოფილი და როგორ მოხდა იმ კომპანიების შერჩევა, რომლებმაც განათება უნდა შეცვალონ?

- ჩვენ ვართ მერიის დამოუკიდებელი შპს და ვღებულობთ ყველა იმ ტენდერში მონაწილეობას, რომელსაც მერია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მეშვეობით აცხადებს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც ჩვენ წავაგეთ და მოიგო სხვა კომპანიამ, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით მე არანაირი კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს. რაც შეეხება მთავრობის კანცელარიას, ისევე როგორც შსს-ს მინათება, ისიც  კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბალანსზეა. თუ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბალანსზეა რაიმე სანათი, ჩვენსა და საქალაქო სამსახურს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, თუ სანათი გადაიწვება ან დაზიანდება, კეთილმოწყობის სამსახურის დავალებით, ”სინათლის ქალაქი” ვალდებულია, რომ სანათი გამოცვალოს. ამან განაპირობა ის გარემოება, რომ შეიქმნა გაურკვევლობა, თითქოს ”სინათლის ქალაქის” მიმართ მიკერძოება მოხდა. ეს არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია. მთავრობის კანცელარიის შემთხვევაში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ხარისხიანი სანათები  მოითხოვა. როგორც კანცელარიაზე, ასეცე შინაგან საქმეთა სამინისტროზე გამოყენებულია აბსოლუტურად უხარისხო სანათები, მათ არ გააჩნიათ არავითარი გარანტია, ანუ თუ გარკვეული პერიოდის შედგომ ის გადაიწვება, მათ გამოსაცვლელად თანხის დახარჯვა მერიას უწევს. ეს კი დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. მთელი დედაქალაქის სანათებთან დაკავშირებით ”სინათლის ქალაქმა” 2014 წელს გამოცვალა 37 000 სანათი, როდესაც ქალაქში აყენია 120 000 სანათი, ანუ დაახლოებით გამოცვლილია 32%. ეს კატასტროფული ციფრია. ლარებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით მილიონ ნახევარი ჰაერშია გადაყრილი იმიტომ, რომ თავის დროზე შეძენილია უხარისხო სანათები. მსგავსი შემთხვევა რომ არ ყოფილიყო მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაკავშირებით, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა გადაწყვიტა, მოეწვია კომპანიები, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, იგივე ხარისხს, საგარანტიო პერიოდს და ა.შ. ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ, მოხდა ფასთა გამოკითხვა, ანუ კომპანიების შერჩევა და შეირჩა ორი საუკუნის გამოცდილების მქონე კომპანია ”შრედერი” , რომელმაც დადო გარანტია, რომ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს არ მოუწევს არც ერთი სანათი წერტილის შეცვლა და თუ მოხდა მისი დაზიანება, ეს პირდაპირი გაგებით ”შრედერის” პასუხისმგებლობა იქნება.

-რა ტიპი სანათების დაყენებას გეგმავს აღნიშნული კომპანია და რა უპირატესობა აქვს მას აქამდე არსებულთან შედარებით?

-2010 წლიდან ევროპაში გამოცხადებული ნებისმიერი ტენდერი თუ ქსელის განვითარება, ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ LED სანათებით. ეს სანათები დღეს არსებულთან შედარებით, საშუალოდ 60-70%-იან ეკონომიას იძლევა. დედაქალაქის მთავრობა კანცელარიის, თუ შსს-ს მინათების საფასურს საბოლოო სახით ”თელასში” იხდის და ”შრედერის” LED სანათები 2-3 წელიწადში დედაქალაქის მერიას დიდ ეკონომიას მოუტანს. ასევე არის ხარისხიანად განათებული და აქვს მინიმუმ 10-წლიანი გარანტიის პერიოდი. განათების ხარისხი არის მინიმუმ 3-ჯერ უფრო ეფექტური და ამის ცოცხალი მაგალითების ნახვა დედაქალაქში უკვე შეგიძლიათ, საუბარია ლეხ კაჩინსკის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდზე. ღამის პერიოდში შეგიძლიათ მანქანის ფარები  ჩააქროთ  და ჩათვალეთ, რომ დღის შუქზე მოძრაობთ. ასევე ძალიან მნივნელოვანია ის, რომ ახალი ტიპის სანათები გარემოს არ აბინძურებს, ხოლო დღეს არსებული შეიცავს სოდიუმს, ნატრიუმს და მათი მსხვრევის შემთხვევაში ხდება გარემოში მიმოფანტვა და თვალით უხილავი დაბინძურება.

-ანუ დროთა განმავლობაში დედაქალაქი ამ ტიპის სანათებზე მთლიანად გადავა?-

-დროთა განმავლობაში გამოვრიცხავ. მომზადდა ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც გადაგზავნილია პრემიერის ეკონომიკურ საბჭოში. მათი თანხმობის შემდგომ, მერია ოფიციალურად მოიწვევს ინვესტორებს, რომ მათ მთელ დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში გამოცვალონ არსებული სანათები, ჩაანაცვლონ ისინი LED სანათებით, ხოლო ერთი წლის შემდეგ რა ეკონომიასაც მიიღებს დედაქალაქი (მერიის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით, 8.5 მილიონი ლარია, მიღებული ეკონომია ამ თანხის 60-70% იქნება), ამ თანხას მერია ყოველწლიური გრაფიკის მიხედვით გადაუხდის იმ გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც მთელ დედაქალაქში სანათებს შეცვლის.

-გეგმავთ თუ არა თბილისში გარე განათების ბოძების მოწესრიგებას. რა თანხაა გაწერილი ამისთვის 2015 წლის ბიუჯეტით. მოხდება თუ არა ბოძების შერჩევა უბნების მიხედვით და თუ ითვალისწინებთ ამ პროცესში სხვა ქვეყნების პრაქტიკას?

-ბოძების შეცვლაზე საუბარი ჯერჯერობით წინასიტყვაობაა. დედაქალაქის მერიაში ეს საკითხი უკვე განიხილება, მაგრამ არა - 2015 წელს, რადგან დღესდღეისობით თბილისის ბიუჯეტში ასეთი გამოთავისუფლებული თანხა არ არის, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება, რადგან არის ისტორიული უბნები, ასევე გათანამედროვებული უბნები, რომლებისთვისაც უნდა მოხდეს ბოძების შერჩევა.  დედაქალაქის მერია მუშაობს იმისთვის, რომ არა წელს, არამედ მომავალი წლიდან აქტიურ ფაზაში შეიყვანოს ის პროექტი, რომელსაც არსებული ბოძების შეცვლა ჰქვია.

-როგორ განათებით გეგმავს დედაქალაქი 2016 წლის შეხვედრას. იგეგმება თუ არა საახალწლო განათების შეცვლა?

-არსებული განათება არც მე მომწონს და არც დედაქალაქის მერს მოსწონდა, თუმცა ჩვენ ვიდექით რეალობის წინაშე - არ გვქონდა არანაირი ბიუჯეტი, რომ რაღაც შეგვეცვალა, რადგან ბიუჯეტის 85% ათვისებული დაგვხვდა. საახალწლო განათება არ არის იაფი, მისი შეცვლა იყო შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ არსებული სანათები მაქსიმალურად მოვაწესრიგეთ და ახალი წლის ფონი მაინც შევქმენით. რაც შეეხება 2016 წლის საახალწლო განათებას, ამაზე მუშაობა შარშან დაიწყო, რათა რეალურად და სწორად იქნას გახარჯული თანხა იმისთვის, რომ მომავალ ახალ წელს დედაქალაქი სწორად განათებული შეხვდეს.

ნათია რუხაძე