მოლდოვის მთავრობამ Air Moldova-ს მოსკოვთან ფრენების განახლება აუკრძალა

მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ Air Moldova-ს კიშინიოვსა და მოსკოვს შორის ფრენების განახლება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე არის განთავსებული..

მარეგულირებელი თავის გადაწყვეტილებას „საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ განმარტავს და აცხადებს, რომ ეროვნულ ავიაკომპანიებს „რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ.“

მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ მოქალაქეებს მოუწოდა, მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენის განცხადების გამო „არ მოტყუვდნენ.“ მისი თქმით, Air Moldova-მ „უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.“

„სამოქალაქო ავიაციის სამსახურთან ერთად ვაცხადებთ, რომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მგზავრების უსაფრთხოებაზე და მათ დაცვაზე. ჩვენ ასეთ ფრენებს სარისკოდ მივიჩნევთ,“ - განაცხადა ანდრეი სპინუმ ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში.

Air Moldova-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენების განახლებაზე განცხადება 9 სექტემბერს გაავრცელა. კომპანიამ ფრენების დაწყება 1-ლი ოქტომბრიდან დააანონსა. პრესრელიზში ავიაკომპანია თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მოლდოვის რესპუბლიკის იმ მოქალაქეების „არაერთ მიმართვას“ ასახელებს, „რომლებსაც სახლში და ოჯახებთან დაბრუნება სურთ.“ ავიაკომპანია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი „თანამემამულეების მოთხოვნებზე, რომლებსაც სურთ, პანდემიის დროს, ასევე, თებერვალში საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ შეძენილი ბილეთებით ისარგებლონ.“

24 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, მოლდოვამ თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის მთლიანად დახურა. 21 მარტს ქვეყნის საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გაიხსნა და სამგზავრო ფრენები რუმინეთის მიმართულებით განახლდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ