შეერთებული შტატები რუსული ნავთობის ლიმიტირებული ფასის გვერდის ავლაზე ჯარიმებს აწესებს

აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის რეალიზაციისთვის წინასწარი სახელმძღვანელო გამოაქვეყნა.

კერძოდ, შეერთებული შტატები უფლებას იტოვებს, დააწესოს სანქციები იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთიდან ნავთობს ვაშინგტონისა და მისი პარტნიორების მიერ დადგენილ ლიმიტზე მაღალი ფასით შეიძენენ, ასევე, შეეცდებიან, გამოიყენონ იმ კომპანიების მომსახურება, რომლებიც ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

„ასეთი კომპანიები და ისინი, ვინც დოკუმენტებით გადაზიდვების შესახებ ცრუ ინფორმაციას მოგვაწვდიან, შესაძლოა, დარღვევასთან დაკავშირებით სანქციების რეჟიმის აღსრულების ზომებს, მათ შორის ფულად ჯარიმებს დაექვემდებარონ,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

კომპანიებს, რომლებიც რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს დაიცავენ, აშშ-ის ხელისუფლება საზღვაო ტრანსპორტირების მომსახურების უფლებას მისცემს. ასეთი სერვისების, მათ შორის დაზღვევის, საბროკერო მომსახურების, საწვავით გემის შევსებისა და სხვა მომსახურების სია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

აშშ-ის ხაზინა აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ლიმიტირებულ ფასად შემსყიდველმა კომპანიებმა სერვისის პროვაიდერებს უნდა მიაწოდონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ზღვრულ ან დაბალ ფასად საწვავის შეძენას დაადასტურებს. ხაზინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მარტში დააწესა, ძალაში რჩება.

2 სექტემბერს G7-ის ფინანსთა სამინისტროები (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია) რუსული ნავთობის ფასზე ზღვრული დონის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეზღუდვა მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან ნედლ ნავთობზე, ხოლო 2023 წლის 5 თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე ამოქმედდება. გადაწყვეტილების მიზანი არის რუსეთის შემოსავლების შემცირება, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად იყენებს. ზღვრული ფასი ჯერ დადგენილი არ არის, რაც მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება, როცა რუსულ ნავთობზე ევროკავშირის სანქციები შედის ძალაში. Bloomberg-ის წყაროების მიხედვით, ფასის ლიმიტი ბარელზე 40-60 დოლარის ფარგლებში დაწესდება.

პუტინი საპასუხოდ აცხადებს, რომ თუ დასავლეთი ფასების ლიმიტს შემოიღებს, რუსეთი დასავლეთისთვის ენერგიის, კერძოდ, ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და მაზუთის მიწოდებას მთლიანად შეაჩერებს.

„ჩვენ მათ არაფერს მივაწვდით,“ - ამბობს პუტინი.

ამ ფონზე, პირველად თებერვლის დასაწყისიდან, Brent-ის ნავთობის ღირებულება ბარელზე 89 დოლარზე დაბლა დაეცა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ