ეიფელის კოშკი ელექტროენერგიის ეკონომიისთვის დროზე ადრე ჩაქვრება

პარიზის საკრებულო შეთანხმდა, რომ ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების ფარგლებში, ეიფელის კოშკის ღამის განათება 01:00 საათის ნაცვლად, 23:45 საათზე გამოირთვება. Agence France-Presse-ის (AFP) ცნობით, შესაბამისი ზომები მომავალ სამშაბათს გამოცხადდება.

ეიფელის კოშკის ექსპლუატაციის საზოგადოების პრეზიდენტ ჟან-ფრანსუა მარტინის განცხადებით, ეს არის „სუფთა სიმბოლური ჟესტი,“ რომელიც აჩვენებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს.

ეიფელის კოშკი 339 პროჟექტორით ნათდება, რომელიც შებინდებისას ირთვება. ამასთან, ყოველი საათის დასაწყისში ღირსშესანიშნაობის განათება ხუთი წუთის განმავლობაში ციმციმებს. ხუთშაბათს, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო, განათება არ აციმციმებულა, შუაღამისას კი მთლიანად გამოირთო.

ამჟამად ეიფელის კოშკის განათება, ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების ფარგლებში, რეგულარულად 23:45 საათზე გამოირთვება. ბოლო ვიზიტორები კოშკს, დაახლოებით, ამ დროს ტოვებენ.

ეიფელის კოშკის ექსპლუატაციის საზოგადოების თანახმად, ღამის განათება წლიური ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს შეადგენს.

ეიფელის კოშკი საფრანგეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, როცა კორონაპანდემიური ყველა შეზღუდვა მოიხსნა, კოშკს ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

მედიის ცნობით, ეიფელის კოშკი 2010 წლიდან ლითონის კოროზიას განიცდის და დაუყოვნებელი შეკეთების გარეშე შესაძლოა, დაინგრეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ