საფრანგეთი და რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასამარტივებლად შეთანხმებას გააფორმებენ

საფრანგეთი და რუმინეთი უკრაინიდან მარცვლეულის სახმელეთო ექსპორტის გასაადვილებლად შეთანხმებას აფორმებენ. ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კლემენტ ბონმა განაცხადა, რასაც Le Figaro ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ახალი შეთანხმება უკრაინას კიდევ უფრო მეტი მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს. კლემენტ ბონი ამბობს, რომ ეს მარცვლეული ევროპასა და განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვისპირეთში წავა, „რომლის მცხოვრებლებსაც საკვები გადარჩენისთვის სჭირდებათ“.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ კვირას, პუტინთან შეხვედრის დროს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მას მოუწოდებს, რომ მოსკოვმა საქონელი გაეროს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის დერეფნით გაგზავნოს.

სტამბოლში დაფუძნებული საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ზედამხედველობს, აცხადებს, რომ ტვირთის 30% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში იგზავნება. თუმცა წინა კვირას პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის, თითქმის, მთლიანი მოცულობა განვითარებად, უღარიბეს ქვეყნებში კი არა, ევროკავშირში იგზავნება“. პუტინის თქმით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში, „87-დან მხოლოდ ორი ხომალდი დაიტვირთა, რომლითაც 2 მილიონი ტონიდან მხოლოდ 60 ათასი ტონა სურსათი გავიდა“. ამ განცხადებით პუტინი უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვით დაიმუქრა.

პუტინის მონაცემებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირიდან მარცვლეულის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ