Reuters: აშშ აპირებს შეზღუდოს ჩინეთისთვის ნახევარგამტარების მიწოდება

აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს მომდევნო თვიდან გააფართოვოს ჩინეთისთვის ამერიკული ნახევარგამტარების მიწოდების შეზღუდვა, რომელიც ეხება ხელოვნური ინტელექტისა და მიკროსქემების წარმოებას. ამის შესახებ სააგნეტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს მონაცემებით, ამერიკის ვაჭრობის სამინისტრო გამოაქვეყნებს ახალ რეგულაციებს, რომელთა მიხედვით ჩინეთის იმ საწარმოებს რომლებიც იყენებენ ამერიკულ ტექნოლოგიებს, ლიცენზიების გარეშე შეეზღუდებათ ახალი თაობის ნახევარგამტარების მიწოდება. ლიცენზიის გარეშე აიკრძალება ასევე ისეთი მიკროსქემების მიწოდება, რომელიც საჭიროა ხელოვნური ინტელექტისთვის. როგორც წყარო სააგენტოს უცხადებს, უწყება ან ახალ აკრძალვებს შემოიღებს ან გააფართოვებს უკვე მოქმედ რესტრიქციებს. (როგორც ცნობილია ამერიკამ 31 აგვისტოდან აკრძალა ჩინეთისთვის სუპერკომპიუტერებისთვის საჭირო ჩიპების მიწოდება).

სააგენტოს აზრით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუშალოს ჩინეთის მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებას და უმიზნებს სეგმენტს, რომელშიც ამერიკელები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ლიდერობას. გამოცემის ცნობით, ამერიკელებმა აღნიშნული შეზღუდვების გატარების მოთხოვნით მათ მოკავშირე ქვეყნებსც მიმართეს.

კოკა კვირკველია