რატომ არ იაფდება საქართველოში პური

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოში რუსეთიდან 30 ათასი­ ტონა ხორბალი შემოიტანეს, სექტემბრის პირველ კვირაში კი - 11 ათასი ტონა. აგვისტოშივე შემოვიდა რეკორდული რაოდენობის, 24 ათასი ტონა ფქვილი - მთლიანად რუსეთიდან. ხორბლის ადგილობრივი მოსავალი, ხანიშვილის თქმით, წლეულს სავარაუდოდ 160-170 ათას ტონას მიაღწევს. შარშანდელთან შედარებით, ხორბლის მსოფლიო ფასები თითქმის მესამედით არის შემცირებული, რაც, წესით, პურის ფასზეც უნდა აისახოს. მიუხედავად ამისა, პურის მცხობელთა ასოციაციის ინიციატივაა, რომ ფასის გასაკონტროლებლად მაღაზიებისთვის პურის ღირებულების ზედა ზღვარი დაწესდეს. რას ეფუძნება მათი ინიციატივა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამის გაკეთება როგორ წარმოუდგენიათ და რას ნიშნავს მსგავსი ინიციატივები ეკონომიკისთვის, ამ საკითხებზე პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძესა და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა­ ასოციაციის ხელმძღვანელ გიორგი კაპანაძეს ვესაუბრეთ.­

მალხაზ დოლიძე: - წლეულს კარგი­ მოსავალია და თუ შარშან 1 ტონა ხორბალი 500 დოლარი ღირდა, წლეულს 340 დოლარია. საქართველოში ბოლო მოსავალი­ 150 ათასი ტონა იყო, რაც ქვეყნის­ საჭიროების მეოთხედზე ნაკლებია - სულ მოხმარება 650 ათას ტონამდეა. შარშანდლიდან უკვე ჩაეყარა საფუძველი ადგილზე ხორბლის მოყვანის გაზრდას, ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი, რომ მოსავალი გაზრდილიყო და მოყვანილი ხორბალი არ გასულიყო ქვეყნის გარეთ. სხვათა­ შორის, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული ბაჟი საქართველოსთვის შემცირდა და ფქვილის და ხორბლის ფასები საქართველოში დაბლა წამოვიდა. მცირე და საშუალო წისქვილები ამუშავდა, რაც კარგია და ალბათ დიდებიც ამუშავდება. ჯამში, ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი თუ იყო 80-82 ლარი, გახდა 73-75 ლარი. თუ ყაზახეთიდანაც შემოვა, ცხადია, ეს ფასს კიდევ უფრო შეამცირებს.

- ფქვილსა და ხორბალზე ფასის შემცირება პურზე რატომ არ აისახება?

- პურის გამოცხობას ხომ სხვა რაღაცებიც სჭირდება? მაგალითად, გაუგებარია, რომ საქართველოში წარმოებისთვის წყლის გადასახადი 6,51 ლარი გახადეს. რა, წყალი არა გვაქვს? წყალი ვისთვისაც ნედლეულია - ლუდის ქარხნები, "კოკა-კოლა", ქალაქიდან ყველა გაიქცა და ეს ტარიფები მხოლოდ პურს შერჩა. ენერგომატარებლებიც 27 თეთრი ღირდა და 33 გახდა. პურის წარმოებისთვის მთავარია ბუნებრივი აირი და მისი ფასი პურპროდუქტებისთვის 86 თეთრი იყო და გახდა 1,38 ლარი. იანგარიშეთ, რამდენი პროცენტით არის მომატებული. ფქვილმა დაიკლო და გვაქვს სურვილი, რომ პურს ფასი დავაკლოთ, მაგრამ ყველაფერი გაძვირებულია. პური პირველადი მოხმარების პროდუქტია და შეღავათებს ყოველთვის უწესებდნენ. ბუნებრივი აირის კომპანიის, "თბილისი ენერჯის" მაღალი წლიური მოგება 67 მილიონი­ იყოო, და 67 მილიონი მოგება თუ ნახე, ტარიფს რატომ მიმატებ? "ყაზტრანსგაზი" როცა იყო, მისმა ხელმძღვანელმა შოკატაევმა მეპურეები დაგვიბარა და გვითხრა, პური მხოლოდ ეკონომიკური პროდუქტი არ არის, სოციალური პროდუქტია, ხელშეწყობა უნდაო, და 86-თეთრიანი ტარიფი დააწესა. ესენი კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა წაგართვან.

რომ ამბობენ, რეაბილიტაცია სჭირდება და ამიტომ ძვირდებაო, რა, პურის წარმოებას არ უნდა რეაბილიტაცია? განაგრძეთ კითხვა: