შეამცირებს თუ არა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ოთხშაბათს? – „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

„შემცირების წინაპირობები წონადია, ჩვენი საბაზო სცენარი განაკვეთის უცვლელად დატოვებაა,“- ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის განახლებაშია აღნიშნული.

„აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ლარი გამყარების მიმართულებისკენ შებრუნდა. ძლიერი ლარი, სასაქონლო ფასების კლებასა და წლის დასაწყისთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან ერთად, კვლავ მონეტარული პოლიტიკის შერბილების არგუმენტია. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ წლის ბოლოსათვის. შესაბამისად, ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გამორიცხვის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ შემცირების წინაპირობები წონადია, ჩვენი საბაზო სცენარი განაკვეთის უცვლელად დატოვებაა,“- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 11 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა ოთხშაბათს, 14 სექტემბერს ჩატარდება.

თაია არდოტელი