მონტენეგროს საგარეო უწყება რუსებისთვის ვიზების შემოღებას მოითხოვს

მონტენეგრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, ვიზები შემოიღოს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რანკო კრივოკაპიჩმა სააგენტო Dan-ს განუცხადა.

მისი თქმით, მონტენეგრო არის ევროკავშირის ერთგული პარტნიორი, ამიტომ მან რუსებისთვის ქვეყანაში შესვლა უნდა შეზღუდოს. სააგენტო წერს, რომ თუ კრივოკაპიჩის მოსაზრებას მთავრობა მხარს დაუჭერს, ეს რეალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებას ნიშნავს.

ამჟამად რუსებს მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ პასპორტით და იქ უვიზოდ დარჩენა არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ. ადრე ეს პერიოდი 90 დღეს მოიცავდა. ქვეყანაში 30 დღეზე მეტი ხნით დასარჩენად რუსეთის მოქალაქეებმა მრავალჯერადი ვიზა სამი თვის განმავლობაში მონტენეგროს საელჩოში უნდა მიიღონ.

Dan-ის მონაცემებით, წელს მონტენეგროში 48 193-ზე მეტი რუსი შევიდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 41 802 იყო. სააგენტო აღნიშნავს, რომ მინისტრი კრივოკაპიჩი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ყოველთვის ემხრობოდა. მისი კრიტიკოსების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასანქციე შეზღუდვით რუსი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

სექტემბრის დასაწყისში ევროკავშირის მინისტრები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების გაუქმებაზე შეთანხმდნენ, რაც ევროპულმა საბჭომ 9 სექტემბერს დაამტკიცა. აკრძალვა დღეიდან, 12 სექტემბრიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილების თანახმად, რუსებისთვის სავიზო მოსაკრებელი იზრდება, ასევე, იზრდება ვიზის გაფორმების ვადა და აუცილებელი ხდება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

მარტში მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას უერთდება. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ბლოკის წევრი არ არის, ქვეყანა „თავის პოლიტიკას ევროკავშირის პოლიტიკასთან 100%-ით შესაბამისობაში ატარებს.“ ამასთან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მთავრობამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები არაერთხელ გააძევა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში მონტენეგრომ ოთხი რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა. ამის საპასუხოდ რუსეთმა ქვეყნიდან ერთი მონტენეგროელი დიპლომატი გააძევა.

„მონტენეგრო არის ევროკავშირის ერთგული პარტნიორი და საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა სრულად უნდა შეუერთდეს ევროკავშირის სავიზო გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების ბოლო განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ