„დროა, სიას დაემატოს“ - კასპაროვი და მაკფოლი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს ისეთი ქვეყნები, როგორიც არის თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი, შეაჩერონ კონტრაბანდის მიმდინარე ოპერაციები, რითიც რუსეთს არსებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ დემოკრატიის განახლების ინციატივისა (Renew Democracy Initiative) და ადამიანის უფლებათა ფონდის (Human Rights Foundation) თავმჯდომარე, გარი კასპაროვი და ფრიმენ სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (Freeman Spogli Institute for International Studies) დირექტორი, ასევე, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის სტიპენდიანტი, მაიკლ მაკფოლი ერთობლივ სტატიაში წერენ, რომელიც The Washington Post- ში დაიბეჭდა.

სტატიის ავტორები, სხვა შეფასებებთან ერთად, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

„დროა, დავამატოთ ისინი სიას. მესამე ქვეყნების პირებმა, რომლებიც ეხმარებიან პუტინს და როგორიც არის ყოფილი ოლიგარქი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, უნდა იცოდნენ, რომ მათაც დაეკისრებათ სანქციები, თუ არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ნებისმიერმა ინდივიდმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს თუნდაც ირიბად ან პასიურად უჭერს მხარს, ფასი უნდა გადაიხადოს“, - წერენ მაკფოლი და კასპაროვი.

მათი შეფასებით, სანქციები ჯერ კიდევ არ არის დაწესებული ათასობით რუსი ჩინოვნიკის, პარტიის ლიდერის, რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელების, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საწარმოების გამგეობის წევრების, პროპაგანდისტებისა და ომის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანების მიმართ და დროა, ყველა მათგანი სიას დაემატოს.

ამასთან, ავტორები წერენ, რომ რუს პირებზე უკვე დაწესებულმა სანქციებმა რეალური და გრძელვადიანი შედეგი გამოიღო.

„რასაც რუსი ოლიგარქები სანქციების გვერდის ავლის ან სიიდან ამოღებისთვის სჩადიან, იმაზე მეტყველებს, რომ სანქციები მუშაობს“, - წერენ ავტორები.