"საქართველოს 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა - უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს გავუფრთხილდეთ"

თითოეული ჩვენგანის და ჩვენი მოქალაქის ვალია, რომ უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და არ დავუშვათ თუნდაც ის მცირედი გადაცდომები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს - 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით დგამს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიმართულებით მიიღო, მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული, რომ რაიმე კითხვის ნიშანი ამ კუთხით არ არსებობდეს.

რაც შეეხება გადადგმულ ნაბიჯებს - პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატაშეების ქსელი გავაფართოვეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები უკვე 19 ქვეყანას ფარავს. ასევე, კრიმინალიზებული გახდა ორგანიზებულად საქართველოდან პირის, მიგრანტის გაყვანა იმისათვის, რომ ვთქვათ, ევროპაში უსაფუძვლოდ დარჩეს და გარკვეული ტიპის ბენეფიტები მიიღოს.

ჩვენ აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა ავამოქმედეთ, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ოფიცრები ადგილზევე ამოწმებენ იმ საბუთებს, რაც ევროპის აეროპორტებში უნდა შემოწმდეს და თუ ადგილი აქვს დარღვევას დოკუმენტებში, ანუ, პირს გარკვეული აკრძალვები აქვს, ბუნებრივია, მისი რეისიდან მოხსნა ხდება და მისი გამგზავრება ევროპაში აღარ ხორციელდება. 3 000-ზე მეტ მოქალაქეს ევროპის ქვეყნებში შესვლა უკვე შეეზღუდა.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ „ფრონტექსთან“ და „ფრონტექსის“ ოფიცრები ჩვენს აეროპორტებში, ჩვენს კოლეგებთან ერთად აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ნებისმიერ ტიპის ხარვეზი, თუ ასეთი იქნება და არსებობს ეჭვები, რომ შესაძლოა, პირი იმ სიკეთეებს, რაზეც საუბარი იყო, არასწორი მიზნებისათვის იყენებდეს, დროულად გამოსწორდეს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.