აშშ-მა რუსული შავი ლითონის შესყიდვები თითქმის გაანულა

რუსეთიდან აშშ-ში შავი ლითონის იმპორტი მიმდინარე წლის ივლისში, თითქმის განულდა და 0,6 მლნ დოლარამდე შემცირდა, მაშინ, როცა ივნისში იმპორტი 201 მლნ დოლარს, წლის პირველ ნახევარში კი მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. ამის შესახებ აშშ-ის აღწერის ბიუროს (Census Bureau) ანგარიშში წერია.

ივნისში მიწოდების ძირითად მარაგს ფეროშენადნობები (112,5 მლნ დოლარი) და რკინა-ფოლადის ნახევარფაბრიკატები (88 მლნ დოლარი) შეადგენდა, ხოლო ივლისში ფეროშენადნობები 0,4 მლნ დოლარამდე, რკინა-ფოლადის ნახევარფაბრიკატების მარაგი კი ნულამდე შემცირდა.

შედარებისთვის: 2021 წელს შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში 2,77 მლრდ დოლარის რუსული შავი ლითონი (თუჯი, რკინა, ფოლადი, ნაგლინი) შეიტანა, რაც თვეში, საშუალოდ, 230 მლნ დოლარს უტოლდებოდა. გასულ წელს რუსეთიდან შავი ლითონის მთლიან იმპორტში აშშ-ს, დაახლოებით, 9%-იანი წილი ეკავა.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, დასავლეთის სანქციების დაწესების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის გამჟღავნება შეწყვიტა.

30 ივნისს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა რუსეთიდან შესული საქონლის საბოლოო სია, რომელზედაც იმპორტის ტარიფი საბაჟო ღირებულების 35%-მდე გაიზარდა. ეს სია ფოლადს და რამდენიმე სახის ფოლადის პროდუქტსაც მოიცავს. თუმცა აღწერის ბიუროს ცნობით, შემცირდა იმ ლითონების მიწოდებაც, რომლებიც გაზრდილ ტარიფებსა და სანქციებს ფორმალურად არ ექვემდებარებოდა. მაგალითად, რუსული პლატინის ჯგუფის ლითონის (პალადიუმის, პლატინას, როდიუმის) აშშ-ში იმპორტმა ივლისში მხოლოდ 34 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ივნისში 76 მლნ დოლარს, მაისში კი 258,5 მლნ დოლარს მიაღწია.

შეერთებული შტატების გარდა, რუსული რკინისა და ფოლადის შესყიდვები, ასევე, კიდევ ერთ უმსხვილეს ბაზარზე, ევროკავშირშიც შემცირდა. მიმდინარე წლის მარტი-მაისში თვიური შესყიდვები სტაბილურად 770-790 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ივნისში 521,7 მლნ დოლარამდე დაეცა. გაზაფხულზე ევროკავშირმა რუსეთიდან შავი ლითონის პროდუქტების იმპორტი აკრძალა, რის შედეგადაც რუსეთისთვის მიყენებული ზარალი ბრიუსელმა 3,3 მლრდ ევროდ შეაფასა. ამასთან, ევროპელებმა უმსხვილესი მიმწოდებლის, „სევერსტალის“ თანამფლობელის, ალექსეი მორდაშოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ევროკავშირში მიწოდება შეეწყვიტა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ