"ახალგაზრდა ადვოკატები" - კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა

კომისიის თავმჯდომარის ერთი თვის ხელფასის ოდენობა შეადგენს - 13,312.00 ლარს

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელი კომისია, საქართველოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ კოლოსალური თანხების მიღებას უზრუნველყოფს კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელი პირებისგან, რამაც 2014 წლის არასრული მონაცემით, 4,815,534.00 მილიონი ლარის მიღება შეადგინა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, ორგანიზაციამ ეროვნული მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ანალიზი გაუკეთა კომისიის წევრებისა და კომისიის თავმჯდომარის ხელფასებსა და პრემიების მიღების საკითხს. როგორც მოწოდებული ინფორმაცია მიუთითებს, კომისიის თავმჯდომარის ერთი თვის ხელფასის ოდენობა შეადგენს - 13,312.00 ლარს, ხოლო კომისიის წევრების ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 12.648.00 ლარია.

"ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის 2013 წლის აპრილამდე კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანისა და 2014 წლის აპრილიდან დღემდე მოქმედი თავმჯდომარის - ვახტანგ აბაშიძის მიერ ხელფასისა და პრემიის სახით აღებულ შემოსავლებს. ასევე, კომისიის წევრების - სოფიო ბრიტანჩუკის, აკაკი სიხარულიძის, ირაკლი მოსეშვილისა და კახი ბექაურის შემოსავლებს, რომელიც არა მხოლოდ 2014 წლის მდგომარეობას ეხება", - განაცხადა ისაკაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ, რომელიც კომისიას 2014 წლის 16 აპრილიდან ხელმძღვანელობს, 1 აგვისტოს მონაცემებით, პრემიის სახით, 23,966.16 ლარი აიღო.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე 2009-2013 წლებში იყო, 2012 წელს მიღებული აქვს საერთო ჯამში, 235,221.84 ლარი, საიდანაც 168,595.04 ლარი ხელფასია, ხოლო 66,626.80 კი - პრემია.

ისაკაძის თქმით, სოფიო ბრიტანჩუკს, რომელიც ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრია 2008 წლიდან - დღემდე, 2013 წელს საერთო ჯამში, მიღებული აქვს 247,908.78 ლარი, აქედან 151,783.18 ლარი სახელფასო ანაზღაურებაა, ხოლო 96,125.60 ლარი კი - პრემია.

"ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლის თქმით, აკაკი სიხარულიძეს 2012 წლის მანძილზე საერთო ჯამში, მიღებული აქვს 196,549.31 ლარი, აქედან 151,796.11 ლარი ხელფასია, ხოლო 44,753.20 ლარი კი - პრემია. ირაკლი მოსეშვილს 2013 წლის მანძილზე საერთო ჯამში, მიღებული აქვს 247,908.78 ლარი, აქედან 151,783.18 ლარი სახელფასო ანაზღაურებაა, ხოლო 96,125.60 ლარი კი - პრემია. კახი ბექაურს კი 2014 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, 42,057.96 ლარის ოდენობის პრემია აქვს მიღებული.

ისაკაძის თქმით, "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან ინფორმაცია რვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა ხელფასების, პრემიებისა და დანამატების თაობაზეც მოითხოვეს, მაგრამ კომისიამ ინფორმაცია პერსონალური მონაცემის საფუძვლით, არ გაახმაურა. კანონით, ინფორმაციის საჯაროობა მხოლოდ აღნიშნული ხელმძღვანელების თანხმობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნა, რომ მცდელობების მიუხედავად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთაგან, ასეთი თანხმობა არ მიღებულა.

"ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის მიმართ მომთხოვნი და კრიტიკული პოზიცია ჩამოყალიბდეს, ვინაიდან კომისის ეფექტიანობა და კანონით მინიჭებული ვალდებულებების შესრულება, მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს. ოთხი ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც კომისიას გააჩნია: ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში არსებული ვითარებისა და გამოწვევების ფონზე, არ არის რეალურად უზრუნველყოფილი. კომისიის გავლენა და მონიტორინგი ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კონკურენტული ბაზრის შექმნის საჭიროებაში, მხოლოდ სიმბოლურია.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მართალია, კანონით კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა და ვალდებულია პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ საზოგადოებრივი მსჯელობისა და შესაძლებელია, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების საფუძველი გახდეს, კომისიის მეტი ანგარიშვალდებულების საკითხი, ვინაიდან მისი შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც მოქალაქეების - მომხმარებელთა უფლებების ინტერესებთან და მათ მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა ნინო ისაკაძემ.