ფინანსთა მინისტრი საქართველოდან მოქალაქეების გადინებას იმ წნეხს უკავშირებს, რომელიც პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეიქმნა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოდან მოქალაქეების გადინებას ინფლაციას და იმ წნეხს უკავშირებს, რომელიც პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიდის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ პანდემიამ და ომმა ფასების ზრდა და ინფლაცია განაპირობა.

„ბუნებრივია, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ აქტივობაზე ვსაუბრობთ, ეს მონაცემები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. ეკონომიკური ზრდა უკვე მეორე წლის განმავლობაში საქართველოსთვის ნამდვილად არის უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ასე მიყოლებით საქართველოს ნამდვილად არ ჰქონია. ბუნებრივია, გარკვეულწილად დიდი წნეხი არის იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არის შექმნილი, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე. პანდემიიდან და შემდგომ უკვე აღნიშნული ომიდან გამომდინარე, ძალიან დიდი წნეხი მოიტანა ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ინფლაცია არის ერთგვარად ის საფასური, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იხდიან.

„ორნიშნა ინფლაცია არის ევროკავშირის ქვეყნებში, რიგ შემთხვევაში 18-20%-ის ოდენობით და ბუნებრივია, ისე ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში არის 2 წლის განმავლობაში, ფასების ზრდა გარკვეულწილად ამას ჩრდილავს და აფერხებს. მეორე მხრივ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ორნიშნა ინფლაცია და საერთოდ არ არის ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც საქართველოში ფიქსირდება, გავუფრთხილდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში იყოს უფრო მდგრადი და მომდევნო პერიოდშიც შევინარჩუნოთ. ყველანაირი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო წელს ძალიან ახლოს იქნება მის მიზნობრივ მაჩვენებელთან“,- განაცხადა ხუციშვილმა.