რას ნიშნავს და რა სარგებელს მივიღებთ ერთიან ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებით

საქართველოს პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) ქვეყნის გასაწევრიანებლად მომზადებულ 1,700 გვერდიან კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა განხილული, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და 21 კანონს შეეხება.

მთავრობა წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს ნოემბერში წარადგენს, საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპის საგადასახადო საბჭომ უნდა მიიღოს.

რა არის SEPA?

SEPA (Single Payment Euro Area) არის ერთიანი ევროგადახდის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებას 2008 წლიდან იწყებს, 2014 წლისთვის სრულად ფარავს ევროზონის ქვეყნებს, 2016 წლიდან კი ვრცელდება ევროზონის მიღმა ქვეყნებზეც.

ამჟამად SEPA-ში 36 ქვეყანა შედის. გარდა ევროკავშირის 27 წევრისა, ერთიანი ევროგადახდის სივრცე ფარავს დიდ ბრიტანეთს, ისლანდიას, ნორვეგიას, ლიხტენშტაინს, შვეიცარიას, ანდორას, ვატიკანს, მონაკოსა და სან მარინოს.

ერთიანი ევროგადახდის სივრცის შექმნის მიზანი ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტურობის გაზრდა და ჰარმონიზება, მანამდე არსებული ფრაგმენტული ბაზრების ერთ სისტემაში გაერთიანება და ეკონომიკური ინტეგრაცია იყო.

რა სარგებელი მოაქვს SEPA-ს?

SEPA-ს მთავარი უპირატესობა ქვეყნებს შორის ევროში გადარიცხვების სიმარტივესა და სისწრაფეში მდგომარეობს და აუქმებს ტექნიკურ ბარიერებს - მომხმარებლებს სხვა ქვეყანაში ევროში უნაღდო ანგარიშსწორებისას იმავე პირობებით შეუძლიათ ისარგებლონ, რა პირობებითაც ქვეყნის შიგნით გადარიცხვებისას სარგებლობენ და აღარ ხდება საჭირო შუამავლის (საკორესპონდენტო ბანკის) გამოყენება.

მაგალითად, თუ თქვენ საქართველოში იმყოფებით, თუმცა ევროში გადარიცხვის განხორციელება ერთიანი ევროგადახდის სივრცის წევრ სხვა ქვეყანაში გსურთ, ამას იმავე დროში და იმავე პირობებით შეძლებთ, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ბანკებს შორის გადარიცხვისას შეძლებდით. ეს კი საქმეს ამარტივებს როგორც ბიზნესებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.

კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ანგარიში SEPA-ს წევრ ერთ-ერთი ქვეყნის ბანკში გაქვთ გახსნილი, ევროში ხელფასის მისაღებად ან სხვა ნებისმიერი გადახდის განსახორციელებლად ამ ანგარიშის გამოყენება მთლიანად SEPA-ს მასშტაბით შეგიძლიათ.

SEPA 4 საგადასახადო სქემას მოიცავს:

  1. საკრედიტო ტრანსფერი (SCT) - გამოიყენება ერთჯერადი გადარიცხვებისთვის ერთი ქვეყნის ბანკის ანგარიშიდან მეორე ქვეყნის ბანკის ანგარიშზე. გადარიცხვისთვის საჭირო დრო 1 ან 2 სამუშაო დღეს შეადგენს. გადახდების უმეტესობა სწორედ SCT სქემით ხორციელდება და ყველაზე მეტად ბიზნესებისთვისაა მოსახერხებელი, რამეთუ აკავშირებს მომხმარებელსა და მიმწოდებელს სხვადასხვა ქვეყანაში.
  2. მყისიერი საკრედიტო ტრანსფერი ( SCT inst) - უფრო სწრაფი ვარიანტია, ვიდრე პირველი. თუ გამგზავნისა და მიმღების ბანკები SEPA-ს წევრები არიან, ტრანზაქციას 10 წამზე ნაკლები დრო სჭირდება, გადარიცხვა წელიწადის 365 დღესვე 24-საათიან რეჟიმშია შესაძლებელი.
  3. პირდაპირი დებეტი (SDD) - ეს სქემა, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა და გამოიყენება იმგვარი განმეორებადი გადახდებისთვის, როგორებიცაა ქირა, კომუნალური გადასახადები, სესხი და სხვ. ტრანზაქციების ავტომატიზებით მომხმარებლები თავიდან ირიდებენ იმგვარ შემთხვევებს, როგორიცაა, მაგალითად, სესხის გადახდის თარიღის გამორჩენა და ამისთვის შესაბამისი ჯარიმის გადახდა. SDD სქემებით ტრანზაქციის ხანგრძლივობა 2-3 დღეს მოიცავს და თანხაზე ლიმიტი დაწესებული არაა.

რაც შეეხება საკომისიო გადასახადს, როგორც წესი, გადარიცხვები უფასოა, თუმცა, თუ ბანკი საკომისიოს ქვეყნის შიგნით გადარიცხვებზე აწესებს, შესაბამისად, ეს გადასახადი, შესაძლოა, SEPA-ს მასშტაბით განხორციელებულ ტრანზაქციებზეც დააწესოს.

ერთი სიტყვით, ეს სისტემა ქვეყნებს შორის ევროში გადარიცხვებს ბევრად უფრო მარტივს, სწრაფს, მოსახერხებელსა და დაცულს ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დიდწილადაა დამოკიდებული უცხოეთიდან ფულად გზავნილებზე, ერთიან ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანება ქვეყანას რიგ ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ევროზონის ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით თუ სხვა მიმართულებით.

კახი ჩაკვეტაძე