თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა

თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის დირექტორ ლევან კობიაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „ავაზას“ ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

„გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, ფეხბურთის ფედერაციას გადავცეთ. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე თავისი მოედნებით, გასახდელებით, დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი იქნება. ყველანაირი პირობა ექნებათ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მერიამ აღნიშნული სივრცე ადგილმონაცვლეობის სანაცვლოდ, კომპანია „ვისოლისგან“ გამოისყიდა.

„აღნიშნული სპორტული კომპლექსი 2007 წელს სიმბოლურ ფასად კომპანია „ვისოლს“ გადაეცა იმისთვის, რომ სტატუსი ათი წლის ვადით შენარჩუნებულიყო. მისი ამოწურვის შემდეგ, კომპანიასთან თანამშრომლობა აქტიურად დავიწყეთ იმისთვის, რომ აქ რაიმე საცხოვრებელი კორპუსი, საოფისე ფართები და ა.შ. არ აშენებულიყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ეს სივრცე მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. მინდა, „ვისოლს“ თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე იმყოფებოდნენ.