2022 წლის ბიუჯეტი 1.2 მლრდ-ით იზრდება - რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება

მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გუშინ განაცხადა.

2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი - ფინანსთა მინისტრის განცხადება:

  • მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 1 ივნისიდან გაიზარდა 50 ლარით და გახდა 150 ლარი თვეში. ამის ასახვა ხდება ბიუჯეტში და გამოიყოფა 86 მილიონი ლარი;
  • საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა დავიწყეთ, რისთვისაც გამოიყოფა 40 მილიონი ლარი;
  • ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა კიდევ 80 მილიონი ლარი. მათ შორის არის კოვიდის მკურნალობისთვის დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება 45 მილიონი ლარით;
  • ასევე ახალი პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებს მცირემიწიან ფერმერთა ვაუჩერებით დახმარებას და ეს პროგრამა დაანონსდა რამდენიმე თვის წინ, ამისთვის გამოიყოფა დამატებით 40 მილიონი ლარი;
  • რთველის დაფინანსებას დაემატება 40 მილიონი ლარი;
  • სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამებს დაემატება 70 მილიონი ლარი, მათ შორის 55 შეღავათიან აგროკრედიტზე დაიხარჯება;
  • თავდაცვის სამინისტროსთვის გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცთა ბინების მშენებლობა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა;•
  • დაიწყება პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 1,100-ზე მეტი ბინის მშენებლობა იგეგმება. სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი;
  • სპორტის ხელშეწყობისთვის გამოიყოფა დამატებით 43 მლნ ლარი და ეს არის ძირითადად ჯილდოები;
  • თბილისში ახალი ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით შესაბამისი ტრანსფერი იზრდება 65 მილიონი ლარით;
  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს ემატება 130 მილიონი ლარი;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთის 21 წლამდელთა ჩემპიონატის სამზადისს, სტადიონების მშენებლობას და რეაბილიტაციას.

ბიუჯეტის განახლებული ვერსიის ზუსტი პარამეტრები დღეს გახდება ცნობილი.

თამარ მუკბანიანი