ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბარათაშვილის ქუჩაზე შენდება.

„გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოებს კომპანია „პრაიმ ბეტონი“ ასრულებს და მისი ღირებულება შეადგენს 3 884 993 ლარს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,ჩვენს პატარებს პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება”,-აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.