უკრაინის მთავრობა დერიპასკის, იანუკოვიჩისა და კურჩენკოს აქტივების კონფისკაციას გეგმავს

უკრაინის მთავრობა ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას და სერგეი კურჩენკოს, ასევე უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პაველ ლებედევისა და ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთელი ქონების კონფისკაციას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა Telegram-არხზე დაწერა.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ პირთა პირდაპირი და ირიბი აქტივების ბლოკირების მიზნით განმეორებით სანქციებს აწესებს. პრემიერი ამბობს, რომ ოლიგარქებისთვის მთელი ქონების კონფისკაციას უკრაინაში ამოქმედებული ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„რუსეთის, ასევე, რუსეთის მოქალაქეების აქტივების გაყინვა და კონფისკაცია მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურებისა და ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება“, - წერს დენის შმიგალი.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისში ხელი მოაწერა კანონს რუსების აქტივების კონფისკაციის შესახებ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს მხარს უჭერენ.

ოლეგ დერიპასკას UC Rusal-ის ძირითადი აქტივი უკრაინაში ნიკოლაევის თიხამიწოვანი ქარხანაა, რომელმაც წარმოება მარტში, საომარი მოქმედებების გამო შეწყვიტა. UC Rusal-ში აცხადებენ, რომ დერიპასკამ „ალუმინის კომპანია ჯერ კიდევ 2018 წელს დატოვა და მასთან აღარაფერი აკავშირებს, ხოლო ნიკოლაევის ქარხანა რამდენიმე თვეა, არ მუშაობს“.

ამასთან, UC Rusal ზაპოროჟიეს ალუმინის ქარხნის 29,54%-ს ფლობდა, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი (68,01%) უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2015 წელს სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა. UC Rusal-ში ზაპოროჟიეს ალუმინის ქარხანის დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ამჟამად კომპანია უკრაინაში მხოლოდ ნიკოლაევის თიხამიწოვან ქარხანას ფლობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ