,,უნდა ვემზადოთ ყველაზე უარესისთვის“ - რა მედიკამენტებით და პროტოკოლით უნდა დავიცვათ თავი, ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში

ფრონტზე უკრაინის წარმატების პარალელურად, ევროპა აქტიურად ემზადება, რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხისთვის. მით უფრო, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსი აგრესორების სამიზნეა.

მიუხედავად იმისა, წავა თუ არა ყველაზე უარეს სცენარზე რუსეთი, ჩენ უნდა ვიყოთ მზად - ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემა ,,360 გრადუსში“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

,,მადლობა უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაციით ყველა რეაქტორი გამორთულია. ატომური სააგენტოს ექსპერტები ადგილზე არიან. მათი ჩასვლის აუცილებლობა განაპირობა, მონიტორინგის სისტემის გამორთვამ, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ამ დიდ ელექტრო სადგურზე. დღეს, ექვსივე ელექტრო ბლოკი გამორთულია, მაგრამ საფრთხე არ მოხსნილა, რადგან ექვსივე ბლოკს აქვს გამაგრილებელი სისტემა. რომლის გამორთვის შემთხვევაშიც, ჩვენ, შეიძლება არაპროგნოზირებადი რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. ბომბის აფეთქებაც არ გვჭირდება ამ შემთხვევაში, ისე შეიძლება დაიწყოს პრობლემა. ამიტომაა მნიშვნელოვანი სააგენტოს წარმომადგენლების ადგილზე ყოფნა.

ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, დაზარალდება თავად რუსეთი, მთლიანად ევრაზიის კონტინენტი. სერიოზული პრობლემა შეექმნებათ ევროპის ქვეყნებს და ძალიან სერიოზულ პრობლემებს უნდა ველოდოთ ჩვენც. ჩერნობილი უფრო შორს იყო, მაგრამ მოხდა ჩვენზე ზეწოლა. რა დონეზე წავა ტალღა, ჩვენ ვერ ვიტყვით. ეს დამოკიდებულია იმაზე, საით წაიღებს ღრუბელს ქარი და როგორი იქნება მეტეოროლოგიური პირობები. აქ არ არსებობს სეზონზე დამოკიდებულება. ამიტომ არის, რომ საფრთხე, რომელსაც ხედავს ევროპა, უკრაინა, წარმოიდგინეთ თავად რუსეთშიც კი სპეციალისტები, განპირობებულია სიტუაციის უმართავობით, რომელსაც გამოიწვევს 1 ელექტრო სისტემის გამაგრილებელი სისტემის მწყობრიდან გამოსვლით. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ტერიტორია დამინული და რაღაცისთვის მომზადებულია. ზუსტ ინფორმაციას ვერავინ ამბობს, სააგენტო კი უბრალოდ არ იტყვის ყველაფერს. იქ, არის გარკვეული შეზღუდვა პანიკის დათესვის საწინააღმდეგოდ, რადგან პანიკა უბრალოდ არ გვიშველის. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ გარკვეული საფრთხეები ნამდვილად არსებობს“ - განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, ატომური საფრთხის შემთხვევაში ქვეყანამ უნდა იმოქმედოს იმ პროტოკოლით, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის ფონზე არსებობდა.

,,დაცვის საშუალებებიდან, პირველია იონიზირებული იოდი. პირველი დარტყმა, როგორც წესი, ეს არის. ჩერნობილის კატასტროფის დროსაც იყო ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ აბის სახით, წყალში გახსნილი იოდიც კი შველის. ასეთი რაღაცები ნელ-ნელა უნდა ვასწავლოთ და ვუთხრათ ადამიანებს. უკრაინაში აფეთქების შემდეგ, კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ ბავშვებს, აუკრძალეს ყვავილების დაყნოსვა, რადგან ის მტვერი პირდაპირ შედიოდა სასუნთქ გზებში და აზიანებდა. ჩვენ, ალბათ იგივე პროტოკოლები დაგვჭირდება აფეთქების შემთხვევაში, რომელიც იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ არ მოხდება და რუსეთშიც მცირედი რაციონალური და პრაგმატული ხედვა გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, უნდა ვემზადოთ ყველაზე უარესისთვის. რუსეთს აქვს ატომური იარაღი და კონტინენტურ რაკეტები, რომელიც იმედია მართლა დაჟანგული არ არის და თავისივე შახტებში არ აფეთქდება. ესეც კი საფრთხეა. ფაქტია, რუსეთს აქვს ატომური იარაღი და არავინ იცის, რამდენად გაბედავს მის გამოყენებას. “ - განაცხადა ჩხობაძემ ,360 გრადუსში“ .

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.

თამარ მუკბანიანი