2022 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში ადგილობრივი ვიზიტების რაოდენობა შემცირდა, დანახარჯები კი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 132.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 281.2 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 8.0%-ით ნაკლებია 2021 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემზე.

უწყების ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 714.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ასევე, 2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.3 % მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.9 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.3 % ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.6 % მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.3% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

საანგარიშო პერიოდში, ვიზიტების უმრავლესობა (50.0 %) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

2022 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 208.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 2.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.3 პროცენტით და 162.9 ლარს უტოლდება.

თამარ მუკბანიანი