თეა ახვლედიანი ფილიპ რიკერს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში და აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ფილიპ რიკერთან შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გზით.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე თანმდევი შედეგები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და შემდგომი ხელოვნური იზოლაციის მცდელობები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.