შხაპი მხოლოდ 5 წუთით - ნიდერლანდების მთავრობამ გაზის დაზოგვის ორიგინალური კამპანია წამოიწყო

ნიდერლანდების მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, ბუნებრივ აირის დაზოგვის მიზნით შხაპი მხოლოდ ხუთი წუთით მიიღონ. ინფორმაციას The Wall Street Journal (WSJ) ავრცელებს.

გამოცემას კვლევითი ორგანიზაცია Milieu Centraal-ის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ნიდერლანდებში შხაპის მიღების საშუალო ხანგრძლივობა ცხრა წუთს შეადგენს, რაზეც ენერგეტიკულ კრიზისამდე ქვეყანა ყოველწლიურად 40 მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს მოიხმარდა. WSJ-ის ცნობით, სამთავრობო კამპანია მიზნად ისახავს, დაეხმაროს თითოეულ ოჯახს, რომ წელიწადში 60 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, ანუ დაახლოებით, 130 ევრო დაზოგოს.

WSJ-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების ერთ-ერთ ჩრდილოაღმოსავლეთ პროვინციაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ტაიმერები დაურიგა, რომ მათ ცხელი წყლის მოხმარება გააკონტროლონ. ამის შედეგად მოქალაქეებმა შხაპის მიღების დრო საგრძნობლად შეამცირეს. ასევე, მოქალაქეები ენერგიას საჭმლის მომზადების დროსაც ზოგავენ. თუმცა ნიდერლანდების ზოგიერთი მცხოვრები ახალი შეზღუდვებით უკმაყოფილოა, რადგან მათ სრული შხაპის მისაღებად ხუთი წუთი არ ჰყოფნით.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ