ლითიუმის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ჩინეთში ლითიუმის კარბონატის ფასი 495,5 ათას იუანამდე (71,5 ათასი დოლარი) გაიზარდა ტონაზე, რაც მარტის ისტორიული რეკორდის დონეა. აღნიშნული ზრდა ფიქსირდება იმ ფონზე, როცა გლობალურად ლითიუმზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო მიწოდება დეფიციტურია, წერს Trading Economics-ი.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ ლითიუმზე გლობალური მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან აღნიშნული მეტალი გამოიყენება ელექტრომობილებისთვის საჭირო ელემენტების წარმოებაში, ხოლო ელექტრომობილებზე მოთხოვნა სახელმწიფოების მიერ სუბსიდირების ფონზე სულ უფრო მზარდია.

ფასის ზრდაზე გავლენა იქონია ასევე ჩინეთში დაფიქსირებულმა უნალექობამ და სიცხემ, რამაც ერთობლივად რამდენიმე საწარმოში შეამცირა მისი მოპოვება, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები სიჩუანის პროვინციაში.

შედეგად კი, მსოფლიოს წამყვანმა ავტომწარმოებლებმა, მათ შორის Ford-მა და Stellantis-მა, სულ უფრო მეტი კონტრაქტი გააფორმეს ჩინელ მიმწოდებლებთან, ხოლო იმ ფონზე როცა წარმოება დაბალია და მოთხოვნა ძალიან მაღალი, ნაწარმზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. ამასობაში კი Tesla-მ ტექსასის შტატში ლითიუმის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება დააანონსა.

კოკა კვირკველია