შტატები და მექსიკა მიკროჩიპებისა და ელექტრომობილების წარმოებაში ლიდერები გახდებიან

აშშ-სა და მექსიკას შეუძლიათ გახდნენ მსოფლიო ლიდერები ელექტრომობილების წარმოებაში. ვაშინგტონი მეხიკოს ამ კუთხით ინტენსიურ თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მის მექსიკელ კოლეგასთან მექსიკაში სტუმრობისას განაცხადა.

აშშ-მექსიკის მაღალი დონის ეკონომიკური დიალოგის (High-Level Economic Dialogue, HLED) ფარგლებში გამართული შეხვედრისას, მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ეკონომიკების ინტეგრაციის მნიშვნელობას.

„ერთ-ერთი საშუალება რითაც ჩვენ ამას გავაკეთებთ, იქნება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენება. დიდი პოტენციალი გვაქვს, გავხდეთ ლიდერები მაგალითად ელექტრომობილების ერთობლივად წარმოებაში. ახლა კი გვაქვს დამატებითი სტიმული იმისათვის, რომ ამით დავკავდეთ,“ - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანვე დასძინა, რომ ქვეყნები „გაამყარებენ მიწოდების ჯაჭვებს ამის უფრო ფართო გაგებით. თუმცა ძირითადი ყურადღება მიმართული იქნება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებაზე,“ - დასძინა მან.

ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნები გააძლიერებენ ძალისხმევას ერთობლივად აწარმოონ ნახევარგამტარები. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მარსელო ებრარდის თქმით, მეხიკომ მიიღო ოფიციალური შემოთავაზება ვაშინგტონისგან, გახდნენ პარტნიორები და მოკავშირეები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე ინიციატივაში.

მინისტრის თქმით, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა მექსიკისთვის, რაც ნიშნავს დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს და ინტეგრაციას მომავალში. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები მის ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ორჯერ სწრაფად განვითარდეს.

„ეს კი ნიშნავს სიღარიბის ორჯერ სწრაფად დაძლევას და ინფრასტრუქტურის ორჯერ სწრაფად განვითარებას,“ - თქვა მან.

კოკა კვირკველია