Bloomberg: ნავთობტანკერებზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა

ნავთობტანკერების მფლობელებმა მასიურად დაიწყეს გემების შეძენა, რომლებსაც ტვირთის, მათ შორის რუსული ნედლეულის ტრანსპორტირება ყინულოვან წყლებში შეუძლიათ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ბრიტანული კომპანია E.A. Gibson Shipbrokers-ის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც მაის-აგვისტოში, ყინულის კლასის მეორად ტანკერებზე, დაახლოებით, მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც შარშანდელ მონაცემზე, თითქმის, ხუთჯერ მეტია.

მიმდინარე წლის მაისიდან აგვისტომდე 42 ყინულის კლასის ტანკერი გაიყიდა. გარიგებების უმეტესი ნაწილი ჩინურ, თურქულ და არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიებს უკავშირდება. Gibson Shipbrokers-ის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, რიჩარდ მეთიუსი ამბობს, რომ ყინულის კლასის გემები რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის არის შესაფერისი. მისი ვარაუდით, „კომპანიებს, რომლებიც ზამთარში რუსულ ექსპორტზე საქმიანობას გეგმავენ, ყინულის კლასის გემები სჭირდებათ“.

შედარებისთვის: 2021 წლის იმავე პერიოდში ტანკერების მფლობელებმა მთლიანობაში მხოლოდ 12 გემი შეიძინეს. Bloomberg-ის შეფასებით, წელს ტანკერების შესყიდვების ასეთი მკვეთრი ზრდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების პირობებში ნავთობის ტრანსპორტირების პრობლემებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნედლეულის ზღვით იმპორტს 5 დეკემბრიდან წყვეტენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ