20 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 20 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალკურსდამთავრებულებმა სპეციალური სტაჟირების პროგრამა სააგენტოს სპეციალსტებთან გაიარეს, რის შემდეგაც საველე სამუშაოებში ჩაერთვებიან.

თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე 2022-2023 წლებში განხორციელდება.

„პროექტის მიზანი ტყის მართვის დაგეგმვის გაუმჯობესებაა, შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციასთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის 40 928 ჰა ფართობზე ტყის აღრიცხვა სტატისტიკური მეთოდითაც (FMI) განხორციელდება, რაც მონაცემთა უკეთესი ანალიზის და გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. სპეციალური სტაჟირების პროგრამას ეროვნული სატყეო სააგენტო 2019 წლიდან ახორციელებს და დღემდე, ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებულია 45 ახალგაზრდა,” - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი - ECO.Georgia GIZ-ისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ხორციელდება და საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელებას ხელს უწყობს. პროექტი მიზნად სათბური აირების შერბილებას, ტყეების მართვისა და ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს, რათა ტყეზე ზეწოლა შემცირდეს.