რატომ გადაიდო ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება - დავით ნარმანიას განმარტება

ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს უნდა ამუშავებულიყო, თუმცა მისმა ვადამ 2023 წლის მარტამდე გადაიწია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის რიგით მე-4 შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება ვერ განხორციელდა და გარკვეული ვადით გადაიდო.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა, სისტემა სრულად მზადყოფნაშია, თუმცა ამ ეტაპზე ბირჟის ამოქმედებას ობიექტურმა ფაქტორებმა შეუშალა ხელი, კერძოდ, რეგიონში არსებულმა არასახარბიელო მდგომარეობამ.

„ჩვენ, მარეგულირებელმა კომისიამ მივიღეთ ყველა წესი და რეკომენდაცია, რომელიც ბირჟის გახსნისთვის იყო საჭირო. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობა გართულდა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. უფრო კონკრეტულად, რეგიონში საკმაოდ სწრაფი ტემპით გაიზარდა ელექტროენერგიის ფასები. მაგალითად, თუ 2021 წლის დასაწყისში, თურქეთის ბაზარზე დაახლოებით, 3,5 ცენტი ღირდა კილოვატ საათი ელექტროენერგია, ამ წლის ზაფხულში ეს მაჩვენებელი 12-13 ცენტამდე გაიზარდა. ესეთ პირობებში, ბირჟის გახსნა საფრთხესთან იყო დაკავშირებული, ვგულისხმობ იმას, რომ იმპორტირებული ელექტროენეერგიის ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა“. - აღნიშნავს დავით ნარმანია.

ნოდარ სირბილაძე