„პროზერნო“ - რუსული ხორბლის საექსპორტო მოცულობა უნდა გაიზარდოს

რუსული ხორბლის საექსპორტო პოტენციალი 44,5 მილიონი ტონაა, თუმცა მოსავლის ზრდასთან ერთად საექსპორტო მოცულობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის შესახებ „პროზერნოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ პეტრიჩენკომ პორტალ finmarket-ს განუცხადა.

მისი მონაცემებით, მიმდინარე წელს მარცვლეულის მთლიანი მოსავალი 146-147 მილიონი ტონა იქნება, მათ შორის ხორბალი 96 მილიონ ტონას შეადგენს. ამდენად, პეტრიჩენკო საექსპორტო მოცულობის მატებაში რეალიზების პრობლემას ხედავს. კერძოდ, ხორბლის მთლიანი მოსავლის 96 მლნ ტონამდე მატება საექსპორტო მოცულობას 44,5-დან 46 მლნ ტონამდე გაზრდის, რისი რეალიზებაც, ექსპერტის ვარაუდით, „მეტად დიდი პრობლემა იქნება“.

პეტრიჩენკო ამბობს, რომ საბოლოო მარაგი როგორც ხორბალზე, ისე ზოგადად, მარცვლეულზე იზრდება, ამიტომ საჭიროა 46 მილიონ ტონაზე მეტის, კერძოდ, 48 მილიონი ტონა ხორბლის გატანა.

„ეს შეუძლებელია იმ ტემპით, რაც ამჟამად გვაქვს და ისეთი ვაჭრობით, რაც ოქტომბერ-ნოემბრისთვის შეინიშნება. მთლიანობაში ექსპორტზე 56-58 მლნ ტონა მარცვლეულის გატანა არის საჭირო. საინტერესოა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენი ტემპით?“ - აცხადებს ვლადიმერ პეტრიჩენკო.

მისი თქმით, პრობლემას ვერც ინტერვენციის სახელმწიფო ფონდში 3 მილიონ ტონამდე პროგნოზირებული მოცულობის შესყიდვები მოაგვარებს, რაც ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააანონსა. პეტრიჩენკო ამბობს, რომ ამჟამად 60 ათას ტონაზე მეტი არის შესყიდული, რაც უფრო ნელი ტემპია, ვიდრე ისედაც სუსტი ექსპორტის მაჩვენებლები.

„ინტერვენციის ფონდში შესყიდვებმა 2,5 მილიონი ტონა რომც შეადგინოს, საბოლოო მარაგი მაინც ჭარბი გამოგვდის და ეს არის ჩვენი განაჩენი! როგორ უნდა ველოდოთ ფასების ზრდას ასეთ გადაჭარბებულ ბაზარზე?!“ - დასძენს ექსპერტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ