სოხუმის შუქურის რვა საყრდენიდან ორმა მდგრადობა დაკარგა - რუსებმა აფხაზეთის საინჟინრო ნაგებობები შეამოწმეს

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის კვლევითი ცენტრის, „ეკოლოგიის“ თანამშრომლებმა, ნავთობგაზის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის კოლეგებთან ერთად, აფხაზეთის საინჟინრო ნაგებობები შეამოწმეს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის გამოცემა „Наука в Сибири“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტებმა 1861 წელს აშენებული სოხუმის შუქურა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი რვა საყრდენიდან ორმა მდგრადობა დაკარგა. ასევე, გამოიკვლიეს გუმისთის ხიდი, რაზეც 1992-1993 წლების აფხაზეთის ომმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. რუსი მეცნიერები ხიდის მთელ სიგრძეზე სენსორებით დადიოდნენ და ორი სვეტის მდგრადობასთან დაკავშირებით დარღვევები გამოავლინეს.

გეოფიზიკოსებმა ყოფილი მინისტრთა საბჭოს, ასევე ამჟამინდელი ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობებიც შეამოწმეს. ორივე ობიექტი მდგრადი აღმოჩნდა, თუმცა, ციმბირელი ექსპერტების შეფასებით, ისინი გარკვეულ რისკებს შეიცავენ, რაც დამხმარე კონსტურქციების მთლიანობის დარღვევასა და საძირკვლის გრუნტის დატბორვას უკავშირდება.

რუსი გეოფიზიკოსები ენგურჰესზეც იმყოფებოდნენ. მათი დასკვნით, წყლის დონე ბუნებრივ სამუშაო პირობებში დღის განმავლობაში მეტრზე მეტად იცვლება. ამასთან, აღმოჩნდა, რომ არის შემოვლითი ფილტრაციისა და გაწყლოვანების პრობლემები, რამაც შესაძლოა, კაშხლის ნაყარი კონსტრუქციის განადგურება და გაჟონვა გამოწვიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ