"გვესმის, რომ ქვეყანაში უამრავი საჭიროებაა, მაგრამ მთელი გაზრდილი შემოსავლები, რომ მიმდინარე საჭიროებებზე მივმართოთ, ეს პერსპექტივაში ქვეყნის მდგრადობას არ უზრუნველყოფს"

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ქვეყანაში უამრავი ამოცანა და საჭიროებაა, მაგრამ მთელი გაზრდილი შემოსავლები, რომ მიმდინარე საჭიროებებზე მივმართოთ, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მდგრადობას არ უზრუნველყოფს, ამიტომ ჩვენ ერთი მხრივ, საგარეო ვალი შევამცირეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში კი, სწორი ბალანსი ჰქონდეს.

„ჩვენი მიდგომები ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან კონსერვატორული არის და დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ამ მომენტისთვის 10.3% ეკონომიკური ზრდა გააჩნია, ჩვენი გათვლები წლის პერსპექტივაში იყო მხოლოდ 8.5%-ზე გაანგარიშებით. ანუ ჩვენ, რა თქმა უნდა, ზედმეტად ოპტიმისტური ბიუჯეტის წარდგენა არ გვინდოდა და არც არის ჩვენს გეგმაში. ჩვენი მიდგომები არის უფრო მეტად კონსერვატორული, უფრო მეტად წინდახედული, რეალურად ჩვენ მივიღეთ დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ბევრი ზრდა, 10%-ზე მეტი ეკონომიკის ზრდა, რაც დამატებით შემოსავლებში უკვე ასახულია და რა თქმა უნდა, ამ შემოსავლების სწორად გადანაწილება მნიშვნელოვანი იყო.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ბალანსი გვქონდეს. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გვესმის რომ უამრავი ამოცანა და საჭიროებაა ქვეყანაში, მაგრამ მთელი გაზრდილი შემოსავლები, რომ მიმდინარე საჭიროებებზე მივმართოთ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის მდგრადობას გრძელვადიან პერსპექტივაში არ უზრუნველყოფს, ამიტომ ჩვენ ერთი მხრივ, საგარეო ვალი შევამცირეთ. თქვენ იცით, რომ საგარეო ვალი 60%-ს იყო გადაცდენილი მშპ-სთან მიმართებაში, ახალი ბიუჯეტის პროექტში 40%-მდე დავიყვანეთ, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით პრეპანდემიამდელ მონაცემებზე უკეთესია. ასევე ფისკალური კონსოლიდაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და თქვენ იცით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ახალი ბიუჯეტის პროექტით უკვე 4%-ს ჩამოსცდება, მაშინ როდესაც პანდემიის პირობებში 9%-ს გადასცდა და ეს 2 წელიწადში ფაქტობრივად, წარმოუდგენელი შედეგები იყო, რაც ასევე მსოფლიო ბანკის მიერ დღესაც აღინიშნა.

რაც შეეხება ხარჯებს - ასევე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები გვაქვს შესასრულებელი. ეს უკავშირდება როგორც იგივე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, გაუმჯობესებას, მაგრამ ასევე მიმდინარე ხარჯებს, მათ შორის, განათლების, სოციალური დახმარების, სოფლის მეურნეობის, მცირე მეწარმეობის, ჯარის და პოლიციის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ ამოცანებზე, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი მიემართება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.