ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის ათვისების ნაწილში, ისევე როგორც საგადასახადო შემოსავლების შესრულების ნაწილში, არანაირი პრობლემა არ არსებობს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ათვისების ნაწილში, ისევე როგორც საგადასახადო შემოსავლების შესრულების ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს. როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განუცხადა, ბიუჯეტს წლის ბოლომდე ყველა უწყება აითვისებს.

„როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის ათვისებაზე და 6 თვის გეგმაზე, მნიშვნელოვანია შევხედოთ წლიურ მონაცემებს. როგორც იცით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის 1 მილიარდ ლარზე მეტი, შესაბამისად, 16 მილიონი 6 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რომელიც განგაშის საფუძველი შეიძლება იყოს. წლის განმავლობაში ეს თანხები ათვისებული იქნება. მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კონტრაქტები, რითაც შესაძლებელია, რომ მომწოდებელმა თავის დროზე ვერ მიაწოდოს, თუმცა ამ ნაწილში დიდი განსხვავებები არ არის, საუბარი შეიძლება იყოს რამდენიმეკვირიან დაგვიანებაზე, რაც ბუნებრივია, რომ შემდეგ თვეში აისახება ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის ათვისების ნაწილში, ისევე როგორც საგადასახადო შემოსავლების შესრულების ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს. თქვენ იცით, რომ მთავრობამ გუშინ წარადგინა ბიუჯეტის შეცვლილი პარამეტრები და საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია 1 მილიარდ 266 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯების ნაწილი გაზრდილია დაახლოებით, 700 მილიონი ლარით. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა მიმდინარე წელს გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების გამო აღარ აიღებს უკვე დაგეგმილი 710 მილიონის ოდენობის ვალს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფისკალური პარამეტრები გავაუმჯობესოთ ქვეყნისთვის; კერძოდ, 4.4%-ის ნაცვლად საბიუჯეტო დეფიციტს შევამცირებთ 3.2%-მდე, ხოლო 51%-ის ნაცვლად ვალის მოცულობა 40%-ზე დაბლა იქნება",- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ "საქართველო მსოფლიო ბანკის“ კვლევით ნომერ პირველ ქვეყნად დასახელდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში.

„ანუ საქართველოს აქვს ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტი მთელ მსოფლიოში და ეს შეფასება გაკეთებულია არაერთი პარამეტრის მიხედვით. როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე და ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორი", - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები იუსტიციის სამინისტრომ და გეგმაზე მეტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, 022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 102.7%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. საგადასახადო შემოსავლების გეგმა კი, 100.3%-ით არის შესრულებული. ორგანიზაციის ცნობით, ბიუჯეტის 17 პროგრამის 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 5 პროგრამაზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა. ეს პროგრამებია: საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, თბილისის მეტროს პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი.