ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.

„საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში. განიხილეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე საბანკო სექტორში არსებული ვითარება, ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომის გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფისკალური ვითარების და პერსპექტივების შესახებ.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პროგრესი გრძელდება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების საშუალებას გვაძლევს.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.