Nord Stream 1-ით მიწოდების შეწყვეტის მიუხედავად, ევროპაში გაზი 44%-ით გაიაფდა

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. მიწოდების შეფერხებების ფონზე, 26 აგვისტოს ბუნებრივი აირის ფასმა კონტინენტზე ისტორიულ მაქსიმუმს, 339 აშშ დოლარს მიაღწია 1 მეგავატ საათზე.

თუმცა, მას შემდეგ ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ღირებულებამ თითქმის 44%-ით დაიკლო და დღეისთვის 190 დოლარს უტოლდება.

fgrtedsyrec-yh5eu-1663076596.jpg

მიუხედავად ამ შემცირებისა, გაზის ფასი მაინც საგრძნობლად მაღალ ნიშნულზე რჩება. ამიტომაც ევროკავშირი ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგიის მოხმარების ამცირებს და ცდილობს შეაკავოს კრიზისის ეკონომიკაზე სრულმასშტაბიანი გავრცელება.

Bloomberg-ის თანახმად, ევროკომისიას ენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისთვის 2 სამიზნე ექნება - მთლიანი მოხმარების შემცირება და პიკის საათებში კონკრეტული რაოდენობით მოთხოვნის დაწევა, რაც ყველასთვის სავალდებულო იქნება. ევროკომისია ასევე განიხილავს შეზღუდოს იმ კომპანიების გადაჭარბებული შემოსავლები, რომლებიც ენერგიას გაზის გარდა სხვა წყაროებიდან იღებენ. ბუნებრივი აირის ფასების კლება სწორედ ამ ინტერვენციების მოლოდინთანაა დაკავშირებული.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდების შემცირება დაიწყო, ევროპა დეფიციტის შევსებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობს. ევროკავშირმა გაზის იმპორტი გაზარდა ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან, ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტიც.

გადაიდო ატომური და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დახურვის გეგმებიც.

მთავრობები აქტიურად იღებენ იმგვარ ზომებსაც, რაც მოიცავს დახმარებას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ რუსულ გაზში, ფულად დახმარებას ოჯახებისთვის და საგადასახადო შეღავათებს.

დამდეგი ზამთრისთვის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გუნდმა შეიმუშავა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო - 150 მილიარდ დოლარიანი გეგმა ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, რომელიც 24 თვის განმავლობაში იქნება ძალაში და მიზნად ისახავს ელექტროენერგიასა და გაზზე გადასახადების გაყინვას. მესამე, 64.3 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა გერმანიამაც.

განიხილება საფასო ჭერის დაწესება რუსულ გაზზე. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანახმად, შესაძლოა, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადები ერთმანეთისგან გაცალკევდეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა უკვე მოასწრო გაზსაცავების 84%-ით შევსება და სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი ზამთრამდე კიდევ უფრო გაიზრდება.

კახი ჩაკვეტაძე