აზიმ სადიკოვი: ლარის გაუფასურება იყო მთავრობის სწორი პოლიტიკის ნაწილი

ლარის გაუფასურება იყო მთავრობის სწორი პოლიტიკის ნაწილი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია. სადიკოვის განმარტებით, იმ შოკის გათვალისწინებით, რომელსაც ქართული ეკონომიკა განიცდის, ლარის კურსის "ასე ვთქვათ გაშვება, სასურველი გადაწყვეტილებაც კი იყო".

"მცურავი კურსის არსებობის გათვალისწინებით, ის, რაც მოხდა, მთავრობის მხრიდან, იყო სწორი პოლიტიკა, რადგან თუ ლარის კურსს არ გაუშვებდნენ, ეს საქართველოს დაუჯდებოდა რეზერვების ფასად, რომელიც ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს, როდესაც ასეთ მასშტაბურ და ხანგრძლივ ეკონომიკურ შოკს განიცდის. თუ ლარი გაძვირდებოდა საქართველოში, წარმოება გაძვირდებოდა იმპორტირებულ საქონელთან შედარებით. ანუ ლარის გაუფასურება იყო სწორი პოლიტიკის ნაწილი. ჩვენი გზავნილი მთავრობის მიმართ ის არის, რომ ეს არის საგარეო რყევების შედეგი. ეს არ არის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი. ეს არ არის შიდა ფაქტორების შედეგი, მაგრამ აუცილებელია ბევრი ვიმუშაოთ ერთად, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ საგარეო რყევების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე", - განაცხადა სადიკოვმა.