ზაფხულში საქრთველომ რუსეთში ექსპორტი თითქმის გააორმაგა - „ზრდაში დიდ როლს ე.წ. პარალელური იმპორტი თამაშობს“

ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა წლევანდელ ზაფხულს რუსეთში საქონლის მიწოდება გაზარდეს. ამის შესახებ РБК წერს.

საგენტოს Comtrade-ის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, საქართველომ მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის მიმართულებით ექსპორტი ივნისის 46,2 მლნ დოლარიდან 82,6 მლნ დოლარამდე გაზარდა. შედარებისთვის მოყვანილია გასული წლის ივლისის მონაცემი, როცა რუსეთში ქართული ექსპორტი 59 მლნ დოლარს შეადგენდა.

РБК წერს, რომ წელს საქართველოდან ივლისის მიწოდების ძირითად წილს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები წარმოადგენდა, რამაც 39 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ რუსეთში ქვეყნიდან 23 მლნ დოლარის სასმელები გავიდა.

ორგანიზაცია „ოპორა როსიის“ პრეზიდიუმის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ნიკოლაი დუნაევი აცხადებს, რომ ექსპორტის გაზრდაში დიდ როლს ე.წ. პარალელური იმპორტი თამაშობს, რაც მიწოდებას ორიგინალური მფლობელის თანხმობის გარეშე გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტები ე.წ. პარალელურ იმპორტს „ლეგალიზებულ კონტრაბანდას“ უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით ახლახან The Washington Post- ში ერთობლივი სტატია დემოკრატიის განახლების ინციატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე, გარი კასპაროვმა და ფრიმენ სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის სტიპენდიანტმა, მაიკლ მაკფოლიმ გამოაქვეყნეს. ისინი წერენ, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს ისეთი ქვეყნები, როგორიც არის თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი, შეაჩერონ კონტრაბანდის მიმდინარე ოპერაციები, რითიც რუსეთს არსებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან“.

ამის გამო სტატიის ავტორები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

„დროა, დავამატოთ ისინი სიას. მესამე ქვეყნების პირებმა, რომლებიც ეხმარებიან პუტინს და როგორიც არის ყოფილი ოლიგარქი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, უნდა იცოდნენ, რომ მათაც დაეკისრებათ სანქციები, თუ არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ნებისმიერმა ინდივიდმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს თუნდაც ირიბად ან პასიურად უჭერს მხარს, ფასი უნდა გადაიხადოს“, - წერენ მაკფოლი და კასპაროვი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ