აგვისტოს ბოლო 2 კვირაში სამომხმარებლო სესხების  გაცემა ორჯერ შემცირდა - ალექსანდრე ძნელაძე

აგვისტოს ბოლო 2 კვირაში სამომხმარებლო სესხების გაცემა ორჯერ შემცირდა, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„სამომხმარებლო სესხებზე საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება იყო, რაც შეეხო ძალიან ბევრ, როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალ მსესხებლებსაც. 15 აგვისტომდე საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნა აღნიშნულ სესხებზე, მაგრამ საკმაოდ მოკლე ვადა იყო დარჩენილი. გადაწყვეტილება 16 აგვისტოს რომ შევიდა ძალაში, ძველი გადაწყვეტილებების აღსრულებაც გრძელვადიანობაზე არ შეიძლებოდა და არსებული სესხებიც რეფინანსირებაც 3 წელზე გადაიანგარიშება უკვე. აქედან გამომდინარე საკმაოდ მტკივნეული იყო აღნიშნული გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების მომხმარებლებისთვის.

სესხების გაცემის კუთხით რეალურად რომ გითხრათ, აგვისტოში მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ ვიხილავთ, რადგან ნახევარი თვე ჩვეულებრივი რეჟიმი მუშაობდა. ასევე ბოლო 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აქტივობა, რადგან მოლოდინი იყო რომ შემდგომში შეიძლება ვეღარ აეღოთ კრედიტი 4 წლის ვადით. ამიტომ აქ უფრო მნიშვნელოვანია ვისაუბროთ აგვისტოს ბოლო და სექტემბრის დასაწყისში უარების რაოდენობაზე.

შემიძლია ვთქვა, რომ დამტკიცებული სესხების რაოდენობა აგვისტოს ბოლო 2 კვირაში ორჯერ უფრო ნაკლები იყო სამომხმარებლო სესხებსა და განვადებებზე, ვიდრე წინა პერიოდში. მაგრამ ეს არ არის საერთო მაჩვენებელი. წლის ბოლომდე ეს ამ მდგომარეობით არ გაგრძელდება. მომხმარებელი შეიძენს ჩვევას, რომ თვითონ გადაითვალოს 3 წელზე ეკუთვნის თუ არა რაღაც კონკრეტული თანხა, თვითონვე დააკორექტირებენ ამ თანხას და ასე მოითხოვენ,“- აღნიშნა ძნელაძემ.

ცნობისთვის, 16 აგვისტოდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც აქამდე 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა. აღნიშნული შეზღუდვა ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

თაია არდოტელი