მუნიციპალიტეტებში სანებართვო მოსაკრებელი იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში იმყოფებოდნენ, სადაც თხილის შემნახველი საწარმო ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის შემნახველი საწარმოა, სადაც, ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი.

მათივე ცნობით, კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, USAID-ის გრანტთან ერთად, 390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.

„სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა შემნახველი ახალი საწარმო. საწარმო ფერმერებისგან მიიღებს თხილს, რომელიც ლაბორატორიაში შემოწმდება; ამავე დროს, საწარმოში მოხდება თხილის კონდიციამდე გაშრობა, რაც მისი ხანგრძლივი პერიოდით შენახვას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფერმერებს მიეცემათ საშუალება, შენახული თხილი მათთვის ხელსაყრელ დროს გაყიდონ. მსგავსი პროექტების დაფინანსებას, როგორც სახელმწიფო, ისე USAID მომავალშიც გააგრძელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პირველადაა გურიაში. ის შეხვდა ფერმერებს, ადგილზე ნახა საჭიროებები, გაეცნო შესაძლებლობებს. ვფიქრობთ, რომ USAID კვლავ გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ კერძო სექტორს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, დავესწრო შემნახველი საწარმოს გახსნას. თხილის მწარმოებლები მრავალი გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ხელს ვუწყობთ მათ, გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქციის ხარისხი და კონკურენტუნარიანები გახდნენ. ამას ვახერხებთ ჩვენი პროგრამის ფარგლებში, რომლის ღირებულება 7,4 მლნ აშშ დოლარია და 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ქართველი და ამერიკელი ხალხის პარტნიორობის, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში წარმატებულად ხორციელდება“, - განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელიმ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 196 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობამ 95 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. გურიის რეგიონში, ამავე პროექტის ფარგლებში, 13 საწარმოა თანადაფინანსებული, სახელმწიფო გრანტის ოდენობა 5 მლნ ლარს აღემატება.