შალვა პაპუაშვილი - ქვეყანამ შეძლო შემოსავლების გაზრდა და ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დადგა დღის წესრიგში

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს კვლავ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, შემოსავლები გაიზარდა და ახლა ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამის გამო საქართველოს ხელისუფლება შექებას იმსახურებს, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან.

„ვფიქრობ, აქაც სამწუხარო დამოკიდებულება ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან. ის, რაც არის ამ ქვეყნის სასიკეთო, ის, რომ ბიუჯეტი იზრდება. პოსტ პანდემიური თუ კვლავ პანდემიური სიტუაციის, იმ რისკებისა და უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, იმ ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს, საქართველომ შეძლო, რომ კვლავ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს პირველ ნახევარში. ქვეყანამ შეძლო შემოსავლების გაზრდა და ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დადგა დღის წესრიგში. ამიტომ, ვფიქრობ, ყველამ უნდა შევაქოთ მთავრობა, რომელმაც ეს შეძლო, ამას მოველი ოპოზიციისგანაც. მეორე, რაც შეეხება ამ რესურსების მიმართვას, აქ რა თქმა უნდა, ოპოზიციას შეიძლება საკუთარი მოსაზრება, შენიშვნები, კრიტიკაც ჰქონდეს. გასაგებია, რომ მსჯელობის საკითხი იქნება, თუ სად მიემართოს ეს რესურსები, მაგრამ, იმისთვის, რომ ეს მსჯელობა კონსტრუქციული იყოს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიციამაც შეაქოს ამ შემთხვევაში მთავრობა. მთავრობამ შეძლო, რომ დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიეღო, ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად გაეზარდა, რამაც თუნდაც ამ მსჯელობის შესაძლებლობა მოგვცა ახლა, ესა თუ ის დამატებითი რესურსი რაზე შეიძლება დაიხარჯოს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.